სიგარეტი ბოლო ორი თვის განმავლობაში, უკვე მეორედ გაძვირდა. თამბაქოს მომხმარებლებს, ფასი დღეს დაახლოებით 50 თეთრით მომატებული დახვდათ. გაძვირების მიზეზი ისევ აქციზის ფასია, რომელმაც იანვარში მოიმატა, თუმცა იმპორტიორები ვარაუდობენ, რომ სიგარეტის გაძვირება ისევ გაგრძელდება.
თამბაქოს იმპორტიორები ამბობენ, რომ ფასის ზრდა ცვლილებებმა გამოიწვია, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით, დეკემბრის ბოლოს მიიღო და ძალაში 1 იანვრიდან შევიდა.
პირველად კი 50 თეთრით თამბაქო იანვრის დასაწყისში გაძვირდა. იპორტიორები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა გაძვირება კვლავ ორ ეტაპად მოხდეს.
”ბრითიშ ამერიქან თობაქოს” კორპორატიული დირექტორი, ზვიად ცხვიტარიძე ამბობს, რომ თამბაქოზე ფასის ზრდა, ასევე დამოკიდებულია კონკრეტულ ბრენდსა და კონკრეტული კომპანიის გადაწყვეტილებაზე.
„ზრდა თამბაქოზე პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული აქციზის რადიკალურ ზრდასთან, რომელიც იანვრიდან შევიდა ძალაში და 27 დეკემბერს მოხდა, თუ არ ვცდები, მისი დაინიცირება. საუბარია, რა თქმა უნდა, 50%-ზე მეტ ზრდაზე აქციზის, რაც თავისთავად, თუ ფინანსურ მაჩვენებლებში გადავიტანთ ამ ყველაფერს, სიგარეტის ზრდა არის ნახევრით და კიდევ მეტით ზრდას გულისხმობს. თავისთავად, დღევანდელი ზრდა, რაც ბაზარზე აისახა, ეს არის მეორე ეტაპი მხოლოდ და მხოლოდ. საბოლოო ჯამში, მინიმუმ ლარ ნახევრით, ანუ კიდევ 50 თეთრით ზრდას უნდა ელოდოს მომხმარებელი, თუ მეტს არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დამოკიდებულია კონკრეტულ ბრენდზე და კონკრეტული კომპანიის გადაწყვეტილებაზე,“ - განაცხადა ”ბრითიშ ამერიქან თობაქოს” კორპორატიული დირექტორმა, ზვიად ცხვიტარიძემ.