12 წლის გოგონას, რომელიც რამდენიმე საათის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა, ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება. ექიმების ინფორმაციით ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.
„მოყვანილი არის 12 წლის გოგო. მათი გადმოცემით არის ქუჩის შემთხვევა. სავარაუდოდ ავტოსაგზაო შემთხვევა. ბავშვს მიღებული აქვს პოლიტრავმა ამის შედეგად. თავზე აქვს კეფის მიდამოში კანქვეშა გემატომა. თითონ სხეულზე რაიმე ისეთი განსაკუთრებული დაზიანება არ იკვეთება, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ჩავუტარებთ პოლიპროფილურ გამოკვლევას,“ -განაცხადა ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა ბესიკ წივწივაძემ.
უბედური შემთხვევა თბილისის ცენტრში პუშკინის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით ბავშვი ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა. მან ერთ-ერთ ტურისტს ნივთი წაართვა და ცდილობდა ადგილიდან მიმალვას. ექსკლუზიურ კადრებში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, აშკარად ჩანს როგორ გარბის ბავშვი ჯერ ტროტუარზე და შემდეგ შეუჩერებლად გადარბის ქუჩაზე, რა დროსაც მისკენ მომავალი ლურჯი ავტობუსი ამუხრუჭებს, ბავშვი მას თავს არიდებს, სირბილს აგრძელებს და მეორე ზოლში მოძრავ ავტომობილს ეჯახება. დარტყმის ძალა მოზარდს უკან აგდებს. რამდენიმე წამში ის გამვლელებს გზიდან ტროტუარზე გადაჰყავთ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავტომობილი, რომელსაც ბავშვი შეეჯახა ესპერტიზაზე გადაიყვანეს.