17 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
ჩინოვნიკების დამალული ქონება - თანამდეობის პირების დიდი ნაწილი ბიზნესს მალავს

ჩინოვნიკების დიდი ნაწილი ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას ქონებას მალავს. ერთ-ერთი მათ შორის ფოთის მერის მოადგილეა.

კონსტანტინე თოფურიას მიერ 2019 წლის პირველ იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მისი ოჯახის ბიზნეს საქმიანობის შესახებ პრაქტიკულად არაფერი წერია. არადა, მისი და მისი მეუღლის სახელზე შვიდი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სტატუსიც „აქტიურია“. თავად კი ამბობს, რომ მათგან დღეს არც ერთი არ ფუნქციონირებს.

ერთადერთი კომპანია, რომლის 50%-იანი წილის ფლობასაც კონსტანტინე თოფურია ადასტურებს, შპს ნაზვრევია, თუმცა, ფოთის მერის პირველ მოადგილეს დეკლარირებული არ აქვს, რომ ამავე კომპანიის დირექტორი მისი მეუღლე, შორენა ნაცვლიშვილია.

საჯარო მოხელის მიერ ბიზნესწილის ფლობაც და მეუღლის ბიზნესსაქმიანობის დამალვაც კანონდარღვევაა.

კიდევ ერთი შპს, რომლის ასპროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი ფოთის მერის პირველი მოადგილის მეუღლეა, თბილისი რეფიერ კომპანიაა. ამ ორგანიზაციას 2014-2018 წლებში 15-მდე ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთაგან ხუთში გაიმარჯვა.

საჯარო მოხელის მიერ დაუდეკლარირებული კომპანიების გადამოწმებისას ირკვევა, რომ თითქმის ყველა მათგანის იურიდიული მისამართი კონსტანტინე თოფურიასა და მისი მეუღლის კუთვნილებაში არსებული საცხოვრებელი სახლების მისამართებს ემთხვევა.

მის სახელზე რეგისტრირებულ კომპანიებს მალავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ხვიჩა შარაშიძეც. მასაც, სხვების მსგავსად, დეკლარაციაში მითითებული არ ჰქონდა, რომ 50%-იან წილს ფლობდა კომპანია ვოქსში, მისი მეუღლე კი შპს ჰეარ ფეშენის მოწილე იყო.

2017 წლის მონაცემებით, ჩინოვნიკების მიერ შევსებული 280 დეკლარაციიდან,  საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 224 უარყოფითად შეფასდა.

იმისათვის, რომ ჩინოვნიკები სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქონებრივი დეკლარაციების შევსების პროცესს, მკვლევრების აზრით, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებაა საჭირო, რაც, ჯარიმის ოდენობის გაზრდასთან ერთად, დამოუკიდებელი და ერთიანი ანტიკორუფციული უწყების შექმნასაც ითვალისწინებს.

   

დღის ამბები