თბილისში, ტურისტულად აქტიურ უბნებში თავდასხმა და ქურდობის ფაქტები სულ უფრო ხშირი ხდება. საქართველოს დედაქალაქის დათვალიერება მისი სტუმრებისთვის სულ უფრო საშიშია.
გიდები მათზე თავდასხმის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობენ. თავდამსხმელები უმეტესწილად არასრულწლოვნები არიან. ისინი ტურისტულად აქტიურ ტერიტორიებზე ჯგუფურად მოქმედებენ, თავდაპირველად ობიექტს სთხოვენ ფულს, უარის შემთხვევაში კი ტურისტებს არ აძლევენ გადაადგილების საშუალებას, ურტყამენ, აფურთხებენ და ძარცვავენ.
შექმნილ დისკომფორტზე ტურისტები თავად საუბრობენ. ზოგს ბავშვებთან გამკლავება თავად მოუწია, ზოგიც საქართველოში გამომგზავრებამდე გააფრთხილეს და ცდილობენ, ყურადღებით იყვნენ ტექნიკასა და საფულეებთან.
ქურდობაში მხილებული არასრულწლოვნების უმრავლესობის იდენტიფიცირება შეუძლებელია, რადგან ხშირ შემთხვევაში მათ დაბადების მოწმობები აქვთ. ამის გამო, მათზე სამართლებრივი სანქციები არ ვრცელდება.
ქურდობა და ძალადობრივი ქმედებები ტურისტებზე განსაკუთრებით ბოლო თვეებში გახშირდა. ამის გამო, ქვეყნის სტუმრებს ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები და გიდები აფრთხილებენ. ექსპერტები ამბობენ, რომ შექმნილი ვითარება ქვეყნის იმიჯზე საკმაოდ ნეგატიურად აისახა.
ტურისტების ძარცვის და მათზე თავდასხმის ფაქტების გახშირებაზე ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდნენ. სააგენტომ დახმარების თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა.