„მე საკანში სიამოვნებით დღემდე შეიძლება შევხვდე და თავ-პირი გავუერთიანო ნიკანორ მელიას, ვაშაძეს,“- ამის შესახებ ციხის კადრების ავტორმა, ლადო ბედუკაძემ რუსთაველის გამზირზე მასზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ განაცხადა. ბედუკაძე მისი ცემის ფაქტს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს.
ციხის კადრების ავტორი აცხადებს, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმა ოპოზიციური პარტიის ლიდერების მხრიდან იყო დაგეგმილი. ლადო ბედუკაძის თქმით, ციხის საკანში თავად სიამოვნებით სცემდა ნიკა მელიასა და გრიგოლ ვაშაძეს.
ციხის კადრების ავტორმა ცემის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს ჩვენება მისცა. მას სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. ბედუკაძის თქმით, არ იცნობს იმ ყოფილ პატიმარს, რომელთანაც ქაშვეთთან კონფლიქტი მოუხდა.
„ეს ადამიანი არ შემინიშნავს. ეკლესიის მრევლი არ არის, სავარაუდოდ. ბრალდება იყო ზედმეტად აბსურდული. ადამიანი ვერ იხსენებს იმ ადამიანის ვინაობას, ვინც, თითქოსდა, ჩემმა თანამშრომელმა ჩემი თანდასწრებით, ე.წ. კარანტინში ცემით მოკლეს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, მესმის მათი პოლიტიკა, გეგმა, რომ საგაზაფხულო არჩევნებისთვის სჭირდებათ ამ ციხის თემის, კადრების გათეთრება და ლაქის ჩამოშლა, ჩამორეცხვა. ეს ადამიანი აბსურდული ბრალდებით მოვიდა. დიდი მადლობა ვაშაძეს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ დაავალა და შუბლი არ გამიხვრიტეს, ასეთი მუქარა მისგან პირველი არ არის. მე საკანში სიამოვნებით დღემდე, დღეს შევხვდე და თავ-პირი გავუერთიანო ნიკანორ მელიას, ვაშაძეს, ვინც ეს ჩემზე განახორციელა, საპასუხო რეაქცია“- განაცხადა ლადო ბედუკაძემ.
ციხის კადრების ავტორზე თავდასხმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. ბედუკაძეს ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი რეჟიმის თანამშრომლად მუშაობდა.
ცნობილი ხდება რომ ცემას წინ უძღოდა კონფლიქტი, რა დროსაც პირი, რომელიც ბედუკაძეს თავს დაესხა, საპატიმროში მას ყოფილ საქმიანობას ახსენებდა.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს.