17 ნოემბერი 2024,   12:01
ვრცლად
მაშინ როცა დეტალები ჩვენთვის უცნობია, მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკი, თავის საქმეს აკეთებს - ფრანსუა პეჰშო TBC ბანკის საქმეზე

TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ეროვნული ბანკის მოთხოვნას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მმართველობიდან ჩამოშორების შესახებ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი ეხმაურება.

ფრანსუა პეჰშო აცხადებს, რომ „თიბისი ბანკში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ აქვს. პეჰშო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მოთხოვნისას - ჩამოშორდნენ TBC ბანკის მმართველობას ხაზარაძე-ჯაფარიძე, "თავის საქმეს აკეთებს - პასუხისმგებლობების გათვალსიწინებით". 

„მაშინ როცა ზუსტი დეტალები ჩვენთვის უცნობია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს საფინანსო სისტემის ზედამხედველი, თავის საქმეს აკეთებს, თავისი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით. ღონისძიების არგატარება, მაშინ როდესაც არსებობს ამ ღონისძიების გატარების იურიდიული საფუძველი, დააზიანებდა ეროვნული ბანკის, როგორც საფინანსო სექტორის ეფექტიანი ზედამხედველის მიმართ სანდოობას და საფინანსო სექტორის ზედამხედველობის პრაქტიკას და ბოლოს, აღვნიშნავ, რომ „თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ძლიერი და კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი. რამდენადაც ვიცით, ამჟამად ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებთან და სტაბილურობასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ არსებობს,“ - ამბობს ფრანსუა პეჰშო.

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა.

ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.

„თიბისი ბანკი“ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები