17 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
სამხედროების კვების რაციონში ხორცი არ არის - ტენდერი ჩაიშალა

ორი კვირაა, სამხედროების კვების რაციონში ხორცი არ არის, ტენდერი ჩაიშალა. ამის მიზეზი კი სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის. მედიისთვის ცნობილი ხდება, რომ 31 იანვრის შემდეგ ძეხვეულით და ხორც-პროდუქტებით ძალოვანი უწყების სამსახურები არ მარაგდებიან, მათ შორის ჯარისკაცები. გაერთიანებული კვების კომპანიის მიერ გაგზავნილი წერილის მიხედვით ირკვევა, რომ იმ შემთხვევაში თუ პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულება არ გაფორმდება, შესაძლოა, ჯარისკაცების კვებით მომარაგებას საფრთხე შეექმნას.

იანვარში მილიონნახევრიანი ტენდერი ჩაიშალა, ახლა კი გამოცხადებულია ახალი ტენდერი, რომელშიც ერთადერთი კომპანია - "გერმანული ყასაბი" მონაწილეობს, რომელიც ჯარს ხორცით აქამდეც უზრუნველყოფდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შესაძლო კორუფციულ რისკებზე საუბრობენ. 

„კორუფციული და დაუგეგმავი შესყიდვის შესაძლებლობას ძალიან ზრდის. ეს პრაქტიკა დამკვირდა, აცხადებენ სამინისტროები ტენდერს, ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო, რომელიც აპრიორი ჩავარდება და ვერ მოხდება მისი სწორი წესით განხორციელება, ეს უკვე არგუმენტია, რომ რა ვქნათ, ტენდერი გამოვაცხადეთ. ისეთი პირობები აქვს, ვერ იგებს ვერავინ, შემდეგ უკვე უფლება ეძლევა, იმისგან იყიდოს, ვისაც უნდა. ვისგანაც უნდა იმისგან რომ ყიდულობს, იქ უკვე, დიდი ალბათობაა, რომ პიროვნების კერძო ინტერესები იყოს გათვალისწინებული,“ - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ.

სპეციალისტები შესაბამის უწყებებს სთხოვენ, დაინტერესდნენ, რატომ იშლება ხშირად ტენდერი და შემდეგ პირდაპირი შესყიდვის წესით ხდება ამა თუ იმ პროდუქციის შესყიდვა. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო გაცილებით მეტს იხდის და ასევე კორუფციის ნიშნებიც იკვეთება.

„ხომ არ ხდება შემთხვევით, შეგნებულად მსხვილ ბიუჯეტიანი შესყიდვის გადატანა გამარტივებული შესყიდვების სეგმენტში. იგივე კომპანია ამარაგებდა, ე.ი. აქამდე უხარისხოს აჭმევდნენ. ამაზე პასუხი გასაცემი აქვთ. მეორე შეკითხვაა, რატომ გამარტივებული შესყიდვა?“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ”შეაჩერე კორუფცია” დამფუძნებელმა, ქეთევან ენუქიძემ.

თავდაცვის სფეროს სპეციალისტები თავდაცვის სამინისტროს ტენდერების შესწავლას ითხოვენ.  

„თავდაცვის სამინისტროში ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია, დავასკვნათ ზოგადი, ზედაპირული დაკვირვებითაც, რომ საკმაოდ ღრმად აქვს ფესვები გადგმული კორუფციას. დაწყებული სკანდალიდან, როდესაც რუსეთთან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ადამიანი იგებს ტენდერს, როდესაც მიზანმიმართულად ხდება ტენდერების ჩაშლა და შემდეგ უკვე ერთ პირთან მოლაპარაკებით ხელშეკრულების გაჩენა უკვე საკმარისი საფუძველია, რომ ამ საკითხის ფუნდამენტური, სიღრმისეული გამოკვლევა დაიწყოს,“ - განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

დღის ამბები