17 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
"უდანაშაულო ადამიანს გამოტანილი აქვს, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი" - პოლიტიკოსები საპატრიარქოსთან აქციაზე იმყოფებოდნენ  

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით, საპატრიარქოსთან გამართულ აქციაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი მსჯავრდებულ მამა გიორგი მამალაძეს სოლიდარობას უცხადებენ და მიაჩნიათ, რომ დეკანოზი უკანონოდ არის დაკავებული.

პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მამა გიორგი მამალაძე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უნდა გაათავისუფლონ.

„ამ ეტაპზე სამართლიანი და გონივრულიც იქნება, რომ დეკანოზი მამალაძე გათავისუფლებული იქნეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და ზოგადად, სახელმწიფომ გამოიძიოს, თუ რა მიზანი ამოძრავებდა თავის დროზე პროკურატურას, როდესაც იწყებდა ამ საქმით ასეთი ტიპის მანიპულირებას,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის მდივანიმა ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სოლიდარობას უცხადებს პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარე, ნიკა მაჭუტაძე და ამბობს, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა.

„ჩვენს თვალწინ სავსებით უდანაშაულო ადამიანს გამოტანილი აქვს, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი და, თუ ჩვენ ოდნავ მაინც გვქვია საზოგადოება, ეს არ უნდა მოვითმინოთ, სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ და გადავარჩინოთ ამ ადამიანის სიცოცხლე,“ - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში არსებულ უამრავ კითხვაზე საუბრობს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე. ხათუნა სამნიძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი მსჯავრდებულ დეკანოზს არ შეიწყალებს.

„პირველ რიგში, ეს არის საქმე, რომელიც იმდენად ბევრ კითხვას ტოვებს და იმდენად ბევრი კითხვა დატოვა, რომ ამან დააზარალა მთელი ქვეყანა, ეკლესია, საზოგადოება იმიტომ, რომ დღესაც კითხვები არსებობს. მე არ ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს გიორგი მამალაძეს იმიტომ, რომ ეს არ მოხდა წინა პრეზიდენტის დროსაც,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

საპატრიარქოსთან აქციაზე იმყოფებოდა გირჩის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ ჯაფარიძეც, რომელიც დეკანოზის უდანაშაულობაზე საუბრობს.

„ვის გამოც ეს ადამიანია დაჭერილი და რის გამოც კლავენ რეალურად ციხეში, ეს რომ თეთრი ძაფით არის ნაკერი, მე მგონი, ეს ყველასთვის გასაგებია, ხომ? ზღაპარია, სისულელეა, სასაცილოა. მულტფილმი მოგვიყვნენ და გვაჯერებენ, რომ ვითომ, პატრიარქის მოკვლა უნდოდა ციანიდით და ამის გამო ჰყავთ ადამიანი, თან არანაირი მტკიცებულებები საქმეში არ არის. გასაგებია, რომ ამ ხალხმა, რომლებიც აქ არიან და ვითომ ქრისტიანობას ქადაგებენ, უბრალოდ შეუკვეთეს ხელისუფლებას, რომ ეს ადამიანი მოგვაცილე აქედან და ჩასვი ციხეშიო,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები