"მოსამართლეთა კლანს, რომელიც მართავს სასამართლო სისტემას, ხელისუფლება მფარველობს," - ამის შესახებ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ გააკეთა.
გიორგი მშვენიერაძემ აღნიშნული განცხადებით შაბათის კურიერში გასული რეპორტაჟი შეაფასა, საიდანაც გაირკვა, რომ მოსამართლეთა ერთი ჯგუფი საკმაოდ დიდ ქონებას ფლობს.
გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ეს მოსამართლეები დაახლოებულები არიან ქართული ოცნების გავლენიან ნაწილთან.
„ეს კლანი - 25-მდე მოსამართლე, რომელსაც უკავია სასამართლო ხელისუფლებაში ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობა და ცდილობს, სწორედ ამ თანამდებობის გამოყენებით მართოს სასამართლო სისტემა და აკონტროლოს სხვა მოსამართლეები, არიან მჭიდროდ დაკავშირებულები მმართველი გუნდის ერთ ნაწილთან, რომლებსაც დღეს მნიშვნელოვანი გავლენები აქვთ თავად ქართულ ოცნებაში. რომ არა ხელისუფლების მხარდაჭერა, მათ შორის, კობახიძის და ივანიშვილის, სწორედ მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და ამ კლანს, ბუნებრივია, არ ექნებოდათ საშუალება, სასამართლო ასე ჭაობში ჰყოლოდათ დღემდე,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.