უკიდურესად გაჭირვებული ქალი, რომელსაც მძიმე ნევროლოგიური დაავადება აქვს, წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო, სასამართლომ სასჯელის მოხდა გადაუვადა. 36 წლის ხათუნა ქოქაშვილი 2015 წელს ძარცვისთვის დააკავეს.
ძარცვისთვის ბრალდებულ მძიმე ნევროლოგიური პრობლემის პაციენტს სასამართლომ თავისუფლება 5 წლით აღუკვეთა. ციხეში წელიწადი და ექვსი თვე სამარტოო საკანში გაატარა. მოგვიანებით განაჩენის გადახედვის მოთხოვნით სასამართლოში საქმე გაასაჩივრა და სასჯელი ყოველ წელს ერთი წლით უვადდება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ხათუნა ქოქაშვილმა ძვირადღირებული ექსპერტიზა წელიწადში, მინიმუმ, ერთხელ უნდა ჩაიტაროს და ამით სასჯელი გადაუვადდება. ოჯახი სოციალურად დაუცველია, ამიტომ საჭირო ექსპერტიზას საკუთარი სახსრებით ვერ აკეთებენ.
2017 წელს ხათუნა ქოქაშვილი ციხეში ისევ მოხვდა, იგივე სასჯელისთვის. თუმცა, ამჯერად იმიტომ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი ვერ აღასრულა და საკუთარი ხარჯით 800-ლარიანი ექსპერტიზა ვერ ჩაიტარა. გადავადების ახალი თარიღი მაისია, რამდენიმე თვეში მან ახალი ცნობა უნდა აიღოს იმის თაობაზე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა.
ხათუნა ქოქაშვილის მკურნალი ნევროლოგი ამბობს, რომ ამ დიაგნოზის პაციენტების ჯანმრთელობის გაუმჯობესება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ჩნდება კითხვა, რატომ ავალდებულებს სახელმწიფო უიმედო პაციენტს, ყოველ წელს ძვირადღირებული ექსპერტიზა ჩაიტაროს და დოკუმენტალურად დაადასტუროს, რომ არ გამოჯანმრთელებულა.
ხათუნა ქოქაშვილს სასამართლომ თითოწლიანი თავისუფლების სანაცვლოდ უამრავი და თითქმის შეუძლებელი ვალდებულებები დააკისრა.