17 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
TBC ბანკის დამფუძნებლები დუმილს არღვევენ - მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის პროექტისა და გამოძიების დაწყების კავშირზე საუბრობს

4-დღიანი დუმილი TBC ბანკის დამფუძნებლებმა დღეს მოულოდნელად დანიშნულ პრესკონფერენციაზე დაარღვიეს. ბიძინა ივანიშვილის სახელი დღეს მამუკა ხაზარაძეს არ უხსენებია, თუმცა მან პრაქტიკულად თქვა, რომ TBC ბანკი ბრძოლის ინსტრუმენტია, მიზანი კი ანაკლიის პროექტის შეჩერებაა. მთავარმა პროკურატურამ გამოძიება 11 წლის წინანდელ საქმეზე დაჩქარებული წესით სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტისთვის, მილიონობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვაზე, ფინალურ მოლაპარაკებებს მართავდა. ხაზარაძემ დღეს პროკურატურა მისი ჩვენების დამახინჯებაში დაადანაშაულა.

ინფორმირებულმა პირმა TBC ჯგუფიდან, „კურიერს“ უთხრა, რომ პროკურატურაში დაკითხვაზე მამუკა ხაზარაძე სწორედ მაშინ დაიბარეს, როდესაც ევროპაში უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებებზე მიდიოდა. მაშინ ხაზარაძემ პროკურატურას სთხოვა, გამოძიების დასრულებამდე ინფორმაცია არ გაეხმაურებინათ, რადგან პრესაში ამ ამბის გაჟონვა ანაკლიის პროექტს დააზარალებდა თუმცა, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსებაზე საბოლოო მოლაპარაკებებამდე სამი დღით ადრე, სამთავრობო მედიამ TBC ბანკში ფულის შესაძლო გათეთრებაზე სტატიები გამოაქვეყნა. დღეს ხაზარაძეს ივანიშვილი, პროკურატურა და მმართველი პარტია პირდაპირ არ უხსენებია, თუმცა სამთავრობო მედიაში ინფორმაციის გაჟონვა პრაქტიკულად მათ დაუკავშირა.

ოპოზიცია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხელში ჩაიგდო ყველა წარმატებული ქართული ბიზნესი და მისი ბოლო სამიზნე მამუკა ხაზარაძის TBC ბანკი და ანაკლიის პორტია. პარლამენტის წევრები ამბობენ, რომ TBC ბოლო ბასტიონია და მისი აღების შემთხვევაში, ყველაფერი ქვეყანაში ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება.

უმრავლესობისთვის კი გაუგებარია მამუკა ხაზარაძის განცხადებები. ისინი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საქმე სამართლებრივად უნდა წარიმართოს და ხაზარაძეს და TBC ბანკის დამფუძნებლებს საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები