19 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
იმედი მაქვს, რომ ასეთი საკომიტეტო მოსმენა შედგება - დავით ბაქრაძე TBC-ის საქმეზე

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მზაობას, რომ პარლამენტში ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობა გაიმართოს, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე მიესალმება.

დეპუტატის თქმით, "თიბისი ბანკის" გარდა, საკომიტეტო მოსმენაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც არის დაბარებული.

დავით ბაქრაძე ასევე იმედოვნებს, რომ საკომიტეტო მოსმენა შედგება, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც დაესწრებიან.

„ჩვენი შეთავაზება მამუკა ხაზარაძის მიმართ არის, რომ ის მობრძანდეს საპარლამენტო კომიტეტზე, იქ, სადაც სხვათა შორის, დაბარებული გვყავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კითხვებზე პასუხის გასაცემად და სრულიად გამჭვირვალედ, საზოგადოებისთვის გასაგებად და ღიად პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რომელიც უკავშირდება "თიბისი ბანკის" საქმეს. კარგია, რომ ის ამ შეთავაზებას დათანხმდა და მზად არის პარლამენტში მოსასვლელად და იმედი მაქვს, რომ უმრავლესობის წევრები მიიღებენ ამ ჩვენს შეთავაზებასაც და ბატონი ხაზარაძის თანხმობასაც და იმედი მაქვს, რომ ასეთი საკომიტეტო მოსმენა შედგება, ვინაიდან, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გაიგოს, რა ხდება რეალურად და რა ინტერესები და რა ძალები დგას "თიბისი ბანკის" საქმის უკან,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა გასულ კვირას მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა. ლაპარაკია პროკურატურის მიერ 11 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე.

საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. თიბისი ბანკმა სებ-ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

დღის ამბები