„ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს“ - ასე მიმართავს მამუკა ხაზარაძე თიბისის გუნდის 7 ათას წევრს. საგანგებო წერილში, რომელიც ბანკის ყველა თანამშრომელმა მიიღო, დამფუძნებელი, ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ ფულის გათეთრების საქმე რეალურად თიბისის წილებისთვის ბრძოლაა.
წერილში ხაზარაძე თიბისი ჯგუფში დასაქმებულებს პირდაპირ წერს, რომ ბანკს ხელისუფლება უტევს და ბიზნესის კეთების 29 წლის განმავლობაში მას ასეთი მასშტაბის ზეწოლა მთავრობის მხრიდან მას არ ახსოვს.
მამუკა ხაზარაძე ბრძოლას "უთანასწოროს" და "უსამართლოს" უწოდებს და პირობას დებს, რომ ბანკს არ დათმობს. თიბისის ჯგუფის დამფუძნებელმა ყველა თანამშრომელს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და დააანონსა, რომ ბრძოლა ბანკის შესანარჩუნებლად ხანმოკლე არ იქნება.
კურიერის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური წერილი დღეს პარლამენტში განხილვის მთავარი თემა გახდა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბანკის საქმის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და სწორედ ამიტომ იყო მამუკა ხაზარაძე საჯარო განცხადებებში მოზომილი. დღეს უმცირესობამ კომიტეტის სხდომის ფორმატში ხაზარაძეს პარლამენტში მისვლაც შესთავაზა.
ოპოზიცია ხელისუფლებისგან დღეს განმარტებებს სხდომათა დარბაზშიც ითხოვდა. შეტევა ყველაზე მსხვილ ქართულ ბიზნესზე ისინი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას უკავშირებენ. მიზანი ოპოზიციისთვის გასაგებია - ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება და თიბისი ბანკის ხელში ჩაგდების ღია მცდელობა.
მმართველი უმრავლესობა დებატებში ოპოზიციასთან თიბისის საქმეზე არ ჩაერთო. ქართული ოცნების წევრები ბიძინა ივანიშვილს იცავდნენ და საქმის სამართლებრივ ნაწილზე აკეთებდნენ აქცენტს.
თიბისი ბანკის დამფუძნებლების მზად არიან პარლამენტში მივიდნენ და ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მამუკა ხაზარაძის ამ განცხადების შემდეგ მმართველ პარტიაში აზრი ორად გაიყო. ნაწილი საპარლამენტო ფორმატში ხაზარაძის მისვლას ეთანხმება, ნაწილისთვის კი გამოძიების დასრულებამდე საკითხზე მსჯელობა კატეგორიულად დაუშვებელია.