17 ნოემბერი 2024,   10:18
ვრცლად
7 გასროლა, მათ შორის, ერთი საკონტროლო - ვერცხლის ქუჩაზე 4-ჯერ ნასამართლევი მამაკაცი ჩაცხრილეს

7 გასროლა, მათ შორის, ერთი საკონტროლო - თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, 51 წლის მამაკაცი  მოკლეს.

დაახლოებით, ხუთ საათზე ადგილობრივებმა სროლის ხმა გაიგეს. ქუჩაში ფეხით მიმავალი ზვიად ჯაფარიძე ავტომობილიდან ჩაცხრილეს. შვიდი ტყვიიდან ბოლო საკონტროლო იყო. მას სასიკვდილო ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული. ის ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

ჯაფარიძე წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი. მკვლელების ერთ ერთი ვერსია, რომელზეც პოლიცია მუშაობს, კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. არსებობს ვარაუდი, რომ ჯაფარიძეზე შურის იძიეს.

სროლის წინ ვერცხლის ქუჩაზე ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელები ჯაფარიძეს აედევნენ და მაშინ, როდესაც ის ვერცხლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებოდა, მანქანიდან ესროლეს და მანქანითვე მიიმალნენ.

რუხი ვოლცვაგენი, რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ, პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული ნახა.

თავდამსხმელების მანქანიდან გადმოსვლა, სავარაუდოდ, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე მდებარე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

კურიერის ინფორმაციით, მოკლული ზვიად ჯაფარიძე 1991, 2006 2013 და 2016 წლებში ოთხჯერ, ყაჩაღობის ქურდობის, გამოძალვის და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა და შენახვის ბრალდებით არის ნასამართლევი.

კრიმინალური პოლიცია ამ დრომდე ჯაფარიძის მკვლელობაში ბრალდებულებს ეძებს.

 

 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები