17 ნოემბერი 2024,   12:01
ვრცლად
პროტესტი სოფელ მარადიდში - ადგილობრივებმა ჰესის შესასვლელთან ღამე გაათენეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში ჰესის შესასვლელთან ადგილობრივებმა მთელი ღამე გაათენეს. მათ ამ გზით ჰესის შესასვლელი გადაკეტეს, რათა ღამის განმავლობაში იქ მძიმე ტექნიკა არ შესულიყო.

მოსახლეობა ხელისუფლებისგან და კომპანიისაგან 6 პუნქტიანი გეგმის შესრულებას ითხოვს. მარადიდელები  პოზიციების დათმობას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„არ დავიშლებით, სანამ არ გადაწყდება ჩვენი სოფლის მდგომარეობა,“- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ალი დიდვანიძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემაც გააკეთა.

„გამოუშვეს მოჭარბებული წყალი თურქეთის ჰესიდან და აქ რაღაც ტექნიკური ხარვეზი ჰქონდათ, როგორც მე ამიხსნეს. დავიწყებთ თუ არა  ზარალი ამის შესწავლას და  და თუ არის რა ზარალია მიყენებული მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე. მოეთხოვება კომპანიას და გატარდება ყველა კანონით გათვალისწინებული სანქცია,“- აცხადებს ვარდმანიძე.

ვითარება გუშინ სოფელში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მდინარე ჭოროხმა დასახლება დატბორა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლები საფრთხეშია და სოფლის დატბორვას ჰესის მშენებლობას უკავშირებენ.

დღის ამბები