17 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
„მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან," - მამუკა ხაზარაძე

„მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან,"-ამ განცხადებას მამუკა ხაზარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. იგი წერს, რომ გეგმავს მთელი რესურსი ანაკლიის პროექტის განხორციელებას მიუძღვნას. ხაზარაძე იმედოვნებს, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა დასცალდება.

„ცხოვრებაში დგება ეტაპები, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებ. მეც ბევრჯერ მქონია ასეთი, ახლაც ამ შემთხვევასთან მაქვს საქმე. აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული,

"სამწუხაროდ, არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა. სამაგიეროდ მოვისმინე მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში.

"მე მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა, იმასაც მივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული. ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე. ბანკი კი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან, მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა. დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე,"- წერს ხაზარაძე.

მისი თქმით, ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე. 

"მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად,“ - ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა, თიბისი ბანკში წერილი გააგზავნა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს პოსტის დატოვებისთვის ორთვიანი ვადა მისცა. 

საქმე ეხება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. ამ საქმეზე გამოძიება საქართველოს მთავრ პროკურატურაში მიმდინარეობს.

15 თებერვალს თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

18 თებერვალს კი მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ მზად არიან სამართლებრივი ბრძოლის გასაგრძელებლად და ყველა საჭირო დოკუმენტის გასაჯაროებისთვის.

დღის ამბები