„კობახიძე აღმოჩნდა, როგორც, ალბათ, ძირითადი ლობისტი ამ კლანისა საქართველოს პარლამენტში და ამის ლუსტრირება მოხდა ამ პროცესით,“ - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ პარლამენტის მიერ ეკა ბესელიას კანონპროექტის ჩაგდების შესახებ გააკეთა.
ანა დოლიძის თქმით, ირაკლი კობახიძე სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. კლანის ლობისტია, რომელიც პარლამენტში ნათლად გამოჩნდა.
„ეს კანონპროექტი ირაკლი კობახიძემ დაწერა, როგორც ჩანს, როგორც ერთგვარი ბერძნული ლაბირინთი, სადაც არ წახვალ, მაინც მურუსიძე-ჩინჩალაძესთან მიდიხარ. ყველა ეტაპზე კანონპროექტში არის ისეთი ჩამკეტები, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის გარეშე, ვერავინ, ვერც ერთ ადამიანს ვერ შეაძვრენს უზენაეს სასამართლოში. ამით, კობახიძე აღმოჩნდა, როგორც ალბათ, ძირითადი ლობისტი ამ კლანისა საქართველოს პარლამენტში და ამის ლუსტრირება მოხდა ამ პროცესით,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში სერიოზული გამოწვევებია, რომელიც არა ერთ ანგარიშში დაფიქსირდა.
„პრობლემა არის კლანში, პრობლემა არის პროცედურებში, პრობლემა არის კანონებში და სასამართლოს წინაშე დგას ძალიან ბევრი გამოწვევა. ბოლო პერიოდში არა ერთ ანგარიშში დაფიქსირდა უკვე, რომ სასამართლო სისტემაში არის სერიოზული გამოწვევები,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.