თურქეთში 5 ქართველი ფეხბურთელის დაკავებას კლუბ "ცხინვალის" ხელმძღვანელები არ ადასტურებენ. დღეს დღის პირველ ნახევარში ფეხბურთის ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის ხელმძღვანელობას“ საქმის დეტალურად შესწავლისკენ მოუწოდა. კლუბში ამბობენ, რომ ანტალიაში მხოლოდ გაუგებრობა მოხდა.
საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ დირექტორის, ქართლოს რუხაიას განმარტებით, გუნდის ფეხბურთელები არ დაუკავებიათ, სამართალდამცავებმა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად ისინი მხოლოდ დაკითხვაზე წაიყვანეს. ამ დოისათვის კი, ხუთივე მათგანი თავისუფალია.
„რეალურად, არცერთი არ დაუკავებიათ. უბრალოდ, მოხდა გაუგებრობა რაღაცა შესყიდვასთან დაკავშირებით, ჩეკები ვერ გაარკვიეს ადგილზე. აქედან გამომდინარე, მოხდა ამ ხუთი ფეხბურთელის წაყვანა, რადგან ეს ხუთი ფეხბურთელი იმყოფებოდა ერთად მაგ მაღაზიაში. ჯერ არ დამტკიცებულა არცერთის ბრალეულობა, არცერთი ფეხბურთელი დაკავებული არ არის. რავიცი, გამოუშვეს ყველანი,“- აცხადებს რუხაია.
თურქი სამართალდამცავების მიერ ფეხბურთელების გათავისუფლების ფაქტს საქართველოს კონსული თურქეთში, კონსტანტინე კოტარიაც ადასტურებს.
„გვაქვს კომუნიკაცია უშუალოდ გუნდთან და გუნდის ხელმძღვანელობასთან და ასევე, თურქ სამართალდამცავებთან. დაკავებულები, როგორც ასეთი, არ არიან. იმყოფებიან შეკრების ადგილზე გუნდთან ერთად. საპატიმროში, ან სადმე არ არიან.
გუშინ მოხდა ეს ფაქტი. გუშინ საღამოს მორიგმა მოსამართლემ განიხილა ეს საქმე, ეს პირველი ეტაპი, რასაც ედავებიან. ველოდებით შემდეგ სასამართლოს და სასამართლოს გადაწყვეტილებას,“- განმარტავს კოტარია.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, “ცხინვალის” ფეხბურთელები, ანტალიაში მდებარე სავაჭრო ცენტრიდან სხვადასხვა სპორტული საქონლის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები. მაღაზიის გაქურდვა პერსონალმა დღის ბოლოს აღმოაჩინა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოიძახა. გამოძიებამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლა, რის შედეგადაც საქართველოს 5 მოქალაქე, დასახლება ბელეკის ერთ-ერთ ხუთ-ვარსკვლავიან სასტუმროში აიყვანა. სპორტსმენები, ანტალიაში წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფებოდნენ.
ქართველი სპორტსმენის მხრიდან მსგავს არასასიამოვნო ინციდენტს ადგილი იაპონიაშიც ჰქონდა. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სამართალდამცავებმა იაპონიის ქალაქ ოსაკში საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე დააკავეს, თუმცა ამ დროისათვის ის უკვე გათავისფლებულია, საქმეზე კი გამოძიება მიმდინარეობს.