17 ნოემბერი 2024,   11:57
ვრცლად
საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი - მაჩალიკაშვილი ოპოზიციას შეხვდა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციასთან გამართა.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხვედრის შემდეგ ის „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს ინტერესების დამცველთან ერთად შეხვდა.

როგორც "ევროპულ საქართველოში" განაცხადეს, ისინი კონსულტაციებს გამართავენ "ნაციონალურ მოძრაობასთან", რათა ჩამოყალიბდნენ იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის იქნება საჭირო.

„ქართულ ოცნებას“ არანაირი პოლიტიკური ნება არა აქვს, რომ იმ კითხვებზე რაც არსებობს ამ ოპერაციასთან დაკავშირებით, სროლის აუცილებლობასთან დაკავშირებით, ყველაფერი რაც ამ საქმეში მოხდა - აბსოლუტურად არანაირი პასუხი არ არის. კომისიაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ სარალიძის კომისიის პარალელურად შეტანილი ჰქონდა ინიციატივა, ჩვენ ცხადია, ამას მხარს დავუჭერთ და გარდა ამისა, გამოვიყენებთ ყველა ახალი რეგლამენტით შექმნილ შესაძლებლობას, რომ ამ კითხვებზე მოვითხოვოთ პასუხი,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი კი ამბობს, რომ მან ამ მოთხოვნით საპარლამენტო უმრავლესობას უკვე მიმართა. შვილომოკლული მამის განმარტებით, ცხადია, რომ მმართველ პარტიას ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ნება არ აქვს.  

„სახელმწიფო ამ დანაშაულში არის გახვეული, კბილებით უჭირავს ეს დანაშაული, რომ რამე სიმართლემ არ გაჟონოს. ვფიქრობ, შეეცდებიან, რომ არ შეიქმნას ეს კომისია, მაგრამ დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ცოტა რაღაცა იმედი მომცეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ ამის შესაქმნელად. „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ შეხვედრა ამავე თემაზე და ვიმედოვნებთ, რომ შეიქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები