კასპის მუნიციპალიტეტისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა გაფლანგულია. ათობით ობიექტი, რომელთა რეაბილიტაციაზე კოლოსალური თანხა დაიხარჯა, ისევ უვარგისია.
მილიონობით ლარის ღირებულების უხარისხოდ შესრულებული პროექტების გარდა, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ასევე საუბარია დაუსაბუთებელ ხარჯებზე, მათ შორის პრემიებსა და საკრებულოსთვის გამოყოფილ საწვავზე.
რიტუალების სახლების რეაბილიტაციასა და მშენებლობაზე გამოვლენილი დარღვევები ერთ-ერთია იმ საკითხებიდან, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კასპის მუნიციპალიტეტში გამოავლინა.
2016-2017 წლებში კასპის მუნიციპალიტეტმა საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მილიონზე მეტი დახარჯა. შენობები გარემონტებულია, თუმცა აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, რომ ჩატარებული სამუშაოების ხარისხი არ შემოწმებულა. მუნიციპალიტეტს კი რამდენიმე ბაღში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორების მოთხოვნით კომპანიისთვის საგარანტიო პერიოდში არ მიუმართავს, რაც ისევ ბიუჯეტის ხარჯებს დაზოგავდა.
სახელმწიფო მაკონტროლებელმა დოკუმენტები პროკურატურაში გადააგზავნა. საგამოძიებო უწყება, სავარაუდოდ, იმ საეჭვო ტენდერებითაც დაინტერესდება, რომელიც, აუდიტის დასკვნით, კორუფციული გარიგების ნიშნებს შეიცავს.