გლდანის მერვე დაწესებულებაში მოთავსებულ ზვიად კუპრავას დღეს ადვოკატი მოინახულებს. კუპრავას ინტერესების დამცველი ამბობს, რომ საქმე უპრეცენდენტოა.
უფლებადამცველის თქმით, არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც სასამართლოს მიმართ გამოთქმული, მათ შორის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, ვინმე პასუხისგებაში ყოფილიყოს მიცემული.
ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
„სასამართლოს მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში და არც პროკურატურას არავინ მიუცია პასუხისგებაში სასამართლოს მიმართ გამოთქმული, მათ შორის, შეურაცხმყოფელი შეხედულებების და მოსაზრებების გამო სასამართლო სხდომის მიღმა. ეს ერთ-ერთი პრეცედენტული შემთხვევაა. მოვინახულებ პენიტენციურ დაწესებულებაში მას,“ - ამბობს ადვოკატი.
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის დაკავება გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში გუშინ, გამთენიისას მოხდა.
კუპრავას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები გაერთიანებული ოპოზიციიდან პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ. კუპრავას დაკავებით უკვე დაინტერესდა სახალხო დამცველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კუპრავას ბრალი 2 დანაშაულისთვის ედება - მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფა და ადვოკატის ფიზიკური შეურაცხყოფა.