არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა მალე კანონით დარეგულირდება. მსგავსი ქმედება დაისჯება ყველგან - საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, კერძო თუ საჯარო დაწესებულებებში. კანონდამრღვევი 300 ლარით დაჯარიმდება, თუკი მსგავს ქმედებას ერთი წლის განმავლობაში ისევ ჩაიდენს 500 ლარით.
დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი ამ კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორია. ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი თავადაც გამხდარა. კანონმდებელს მიაჩნია, რომ ასეთი ქმედება ჩვენი საზოგადოების დიდი პრობლემაა და სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს ახალი კანონი უკეთ დაიცავს. სჯერა, რომ საკანონმდებლო წინადადება დეპუტატების მხარდაჭერას მოიპოვებს.
საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში დღეიდან დაიწყო. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა პარლამენტის გენდერული საბჭოს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა. ცვლილება ერთდროულად ოთხ კანონში შედის. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის ვადა კი 3 თვიდან ერთ წლამდე იზრდება. სექსუალურ ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქმედება.
კანონის ძალაში შესვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლები კანონდამრღვევი პირის მიმართ ოქმს შეადგენენ, სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით კი საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.