ამერიკის კინოაკადემიამ გამარჯვებულები გამოავლინა - ოსკარის რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონიაზე მთავარი პრიზი და წლის საუკეთესო ფილმის ტიტული ”მწვანე წიგნს” ერგო.
კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ლეგენდარული როკ–ჯგუფის, "ქუინის" სიმღერით გაიხსნა. „მწვანე წიგნის“ კონკურენტი და ოსკარის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ფილმი „რომა“ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ალფონსო კუარონის ნამუშევარმა მთავარ ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა, ფილმი 3 ოსკარის მფლობელი გახდა.
დაჯილდოებაზე გამოავლინეს წლის მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი. ფილმ „ბოჰემურ რაფსოდიაში“ ფრედი მერკურის განსახიერებისთვის ჯილდო რემი მალეკმა მიიღო.
ოსკარის 3 ნომინაციის გამარჯვებული ფილმი „შავი პანტერაც“ გახდა. საუკეთესო მხატვრობისთვის, კოსტიუმების დიზაინისთვის და მუსიკალური გაფორმებისათვის ფილმმა ოსკარის ქანდაკებები დაიმსახურა. ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას ერთობლივმა ნამღერმა ფილმ "ვარსკვლავის დაბადებას" ერთადერთი ოსკარი მოუტანა. მსახიობმა და მომღერალმა დაჯილდოების ცერემონიაზე სიმღერა "შელოუ" შეასრულეს.
მთავარი კინოპრემიის, ოსკარის რიგით 91-ე ცერემონია დოლბის თეატრში გაიმართა, სადაც სულ 24 ნომინაციის გამარჯვებული გამოვლინდა.