17 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაული და გამოუძიებელი საქმეები - საია საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს 

სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაული და გამოუძიებელი საქმეები - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" საკითხი შეისწავლა. არასამთავრობო ორგანიზაცია არსებული საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებს. 

ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოძიება არაეფექტურად ხდება და აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" კვლევაში მოხვდა 12 კონკრეტული საქმე, რომელთა საფუძველზეც კვლევის ავტორები ამბობენ, რომ სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზე სრულფასოვანი გამოძიება დღეს არის პრობლემა და ეს საკითხი ქვეყნისთვის კვლავაც გამოწვევად რჩება. 

კვლევაში ერთ-ერთი მოზარდის, ირაკლი ხოფერიას საქმეც მოხვდა, რომელიც სამართალდამცველებმა შეცდომით დააკავეს. უფლებადამცველების განცხადებით, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა ხოფერიაზე იძალადეს და მას სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. მოზარდს მიღებული აქვს დაზარალებულის სტატუსი, თუმცა ამ დრომდე დამნაშავე სამართალდამცველები არ დასჯილან. 

„ეს კვლევა მოიცავს 2017-2018 წლების მონაცემებს, თუმცა ცხადია ჩვენ 2016-2015-შიც ვსაუბრობდით მსგავს ტიპის პრობლემებზე, როდესაც მაგალითის სახით, რომ მოვიყვანო ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირი ამბობდა, რომ მას შეეძლო ამოეცნო ის პოლიციელები, რომლებმაც იძალადეს მასზე სავარაუდოდ, თუმცა ამოცნობის პროცედურაც კი არ იყო ჩატარებული თავის დროზე. ამ ტიპის შეხვედრები ნათლად მიუთითებს რატომ არის მნიშვნელოვანი სწორედ ერთის მხრივ ინსპექტორის ინსტიტუტის ამოქმედება, ხოლო მეორედ პოლიტიკური ნება, რომ ცვლილებები რეალურად დადგეს დღის წესრიგში,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქმეებზე, რომელშიც ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა დანაშაულებები იკვეთება, გამოძიება დროულად არ მიმდინარეობს. ქურდოვანძის თქმით, ხშირ შემთხვევაში მსგავსი ტიპის საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილებაც კი არ დგება. 

„ამ გამოძიების პროცესი სამწუხაროდ ამ ტიპის საქმეებზე არ მიმდინარეობს დროულად და ხშირად ხდება ისე, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება ანუ საბოლოო გადაწყვეტილება ამ ტიპის საქმეებზე არ დგება. მაგალითად ერთ-ერთი ძალიან გახმოვანებული საქმე, რომელსაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აწარმოებს და ანგარიშშიც მოხვდა, არის ირაკლი ხოფერიას საქმე, სადაც უკვე წელიწადზე მეტია გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ამ საქმეზე მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები კონკრეტულ პოლიციელებს წარედგინოთ ბრალი, ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება პროკურატურას არ მიუღია,“ - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

დღის ამბები