საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "თიბისი" ბანკის საქმესთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ.
მამუკა მდინარაძის თქმით, დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე ეროვნული ბანკს პრეზიდენტმა განმარტა ის მიზეზები რის გამოც შეიძლება დამაზიანებელი იყოს ამ სახის დისკუსიები. მისი განცხადებით, ამის მიუხედავად ოპონენტები წინ აყენებენ პარტიულ ინტერესებს და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ.
„როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოდის და გეუბნება მრავალ მყარ არგუმენტს, რომ ამ თემაზე ასე საჯაროდ მხარეების მონაწილეობით გამართული დისკუსია და მოსმენა შესაბამისი დააზიანებს საფინანსო ინსტიტუტებს და შენ მაინც ეუბნები, რომ ეს არ მაინტერესებს და საკუთარ პოლიტიკურ ვიწრო პარტიულ ინტერესებს აყენებ ამაზე წინ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ლოგიკა და ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება. ამიტომ ჩვენ რაც არ უნდა დამაზიანებელი მესიჯები გამოუშვან და დამაზიანებელი სლოგანები შექმნან კომიტეტის მიმდინარეობის დროს უნდა ვიფიქროთ პირველ რიგში რამდენად მყარია ეს არგუმენტები, რამდენად დაზიანდება საფინანსო ინსტიტუტები და მოვუფრთხილდეთ ამ ყველაფერს,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის კითხვები უნდა დაესვათ, კითხვებისა და განცხადებების გარეშე დასრულდა. სხდომაზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მიეცა არც თიბისი ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.