თაროზე შემოდებული საქმეებზე, რომლებშიც, სავარაუდოდ, დამნაშავე პოლიციელები ფიგურირებენ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა.
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტები ათზე მეტი შესწავლილი საქმის საფუძველზე აცხადებენ, რომ სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომა, როგორც წესი, დაუსჯელი რჩება და კანონდამრღვევი ძალოვანები სამსახურში რჩებიან.
მუსიკოსი ლაშა კაცია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან სამმა სამართალდამცველმა გვიან ღამით დააკავა. ლაშა კაციას განცხადებით, პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტიდან ერთი წელი გავიდა და დღემდე მოძალადე სამართალდამცველების დასჯას უშედეგოდ ელოდება.
ლაშა კაციას საქმე ერთ-ერთია იმ 12-დან, რომელთა შესახებაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევა მოამზადა.
საია-ს იურისტები ამბობენ, რომ თითქმის ყველა ასეთი საქმე დღეს თაროზე დევს, გამოძიება წლების განმავლობაში ჭიანურდება, დამნაშავე პოლიციელები კი მუშაობას აგრძელებენ.
ისინი ითხოვენ, რომ დროულად ამოქმედდეს სახელმწიფო ინსპექტორის ახალი ინსტიტუტი, რომელსაც პოლიციელთა დანაშაულებრივი საქმიანობის გამოძიება დაევალა და რომელსაც მუშაობა ერთი თვის წინ უნდა დაეწყო, თუმცა, კიდევ 6 თვით, ზაფხულამდე გადავადდა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ზაფხულში სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი ამუშავდება, რაც გამოძიებული საქმეების სტატისტიკას აუცილებლად გააუმჯობესებს. თუმცა, პოლიტიკური ოპონენტები ახალი საგამოძიებო მექანიზმის ეფექტურობას სკეპტიკურად უყურებენ.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს წარმომადგენლები უფლებადამცველების მწვავე შეფასებებს დარბაზში ისმენდნენ, თუმცა, შეხვედრა ისე დატოვეს, რომ თავსი მართლებაც არ უცდიათ. მოგვიანებით კი პოლიციაში განაცხადეს, რომ კვლევით დაინტერესდებიან.