ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი საბავშვო ბაღის გარეშეა დარჩენილი. სოფელ გრემში მცხოვრებ 30-მდე აღსაზრდელს საბავშვო ბაღის გარემონტებულ შენობაში სწავლა ნოემბერში უნდა დაეწყო, მაგრამ შენობა ისევ ნახევრად დანგრეულია. კომპანიის ხელმძღვანელობა, რომელსაც საბავშვო ბაღი უნდა გაერემონტებინა ქვეყნიდან გაიქცა.
კომპანიას, საბავშვო ბაღის რემონტისთვის 145 ათას ლარამდე თანხა ბიუჯეტიდან წინასწარ ჩაურიცხეს, თუმცა მფლობელები გაიქცნენ და ფულიც თან წაიღეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახლა ახალი ტენდერი უნდა გამოაცხადოს და ფული საბავშვო ბაღის რემონტისთვის მეორედ გამოყოს.
რეაბილიტაციის დასრულებამდე ბავშვებს წასასვლელი არსად აქვთ. იგივე მდგომარეობაში არიან სოფელ ალმატში. ბაღი აქ ანტისანიტარიის გამო ორი კვირის წინ დახურეს და მშობლებმა არ იციან როდის შეძლებენ ბავშვები სკოლამდელი განათლების ჩვეულ რეჟიმში მიღებას.
სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულებულა არც სოფელ წიწკანაანთსერში, სადაც ზაფხულში მოსახლეობა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ქვეწარმავლებს უჩიოდა. ბაღშიც სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე 6 თვეა მიმდინარეობს და 1 თვის წინ უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ ამისთვის თითქმის 400 ათასი ლარი მიიღო, მაგრამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა.
ავტორი: ია გულიაშვილი