საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ოპოზიციამ მილიონი ხელმოწერის შეგროვება დაიწყო. 20 ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სიით ჩატარებას ითხოვს. დღეს ისინი ერთად მსჯელობდნენ, როგორ უნდა აიძულონ ხელისუფლება, შეცვალოს კონსტიტუცია.
ყველა მინუს ერთი - ოპოზიცია ამ ფორმატით შეეცდება, არ დაუშვას ბიძინა ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში კიდევ ერთხელ მოსვლა. მათი შეფასებით, აქამდე ვერავინ შეძლო ორ ვადაზე მეტი დარჩენილიყო მმართველობაში, ქვეყნის სათავეში “ქართული ოცნების” მესამე ვადით დარჩენა და მმართველობის კიდევ ერთხელ ხელში ჩაგდება კი, ოპონენტების აზრით, საქართველოსთვის დამღუპველი იქნება, რასაც ხალხი არ დაუშვებს.
უპრეცედენტო გაერთიანება - ასე აფასებს ოპოზიცია 20 პოლიტიკური პარტიის ჩართვას კამპანიაში. ხელისუფლების ოპონენტები პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობის აუცილებლობაზეც საუბრობენ.
საპარლამენტო უმრავლესობა კი დათმობაზე წასვლას არ აპირებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შეუძლებელია 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.
მმართველი გუნდის უკვე ყოფილი წევრები კი ამბობენ, რომ მოსახლეობის აზრი გასათვალისწინებელია. ამავდროულად ფიქრობენ, რომ რომც არ შეიცვალოს სისტემა მმართველ გუნდს გაუჭირდება მესამე ვადით ხელისუფლებაში მოსვლა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი