19 აპრილი 2024,   19:18
ვრცლად
საოკუპაციო ხაზთან 16 წლის მოზარდი გაიტაცეს და სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდნენ

საოკუპაციო ხაზთან წუხელ ღამით კიდევ ერთი პირი გაიტაცეს. 16 წლის ჭუბურხინჯის მკვიდრი დაკავების დროს ზუგდიდში გადმოსვლას ცდილობდა. არასრულწლოვანი ბიჭი კიბის დახმარებით რუხი-ჭუბურხინჯის მონაკვეთზე მავთულხლართებზე გადმოპარვას აპირებდა.

როგორც ცნობილია, არასრულწლოვანი დაკავების დროს კვლავ ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადახტა და გაქცევა სცადა.

"კურიერის" ინფორმაციით, ბიჭს დაკავებისას ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. არასრულწლოვანი გალის იზოლატორში იყო გადაყვანილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილის თქმით, 16 წლის ბიჭი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული.

„ბავშვი გადმოდიოდა საზღვართან და დაკავებული არის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით და გადაყვანილი არის გალის წინასწარი იზოლატორში. როგორც მოგეხსენებათ გართულდა მდგომარეობა გადაცვლასთან დაკავშირებით, არის მთელი რიგი რეგულაციები შემოსული და შესაბამისად დოკუმენტაციის უქონლობის გამო არის ძირითადად. დიახ იპარებოდა. არასრულწლოვანია და ან მშობელთან ერთად უნდა ყოფილიყო ან უნდა ჰქონოდა რამე საბუთი, დაბადების მოწმობა და ა.შ.,“ - განაცხადა მედეა აბლოთიამ.

დღის ამბები