თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრში აღადგინეს. ამის შესახებ მან გუშინ ღამით, იუსტიციის სამინისტროსთან დაწყებული შიმშილობის დროს, ფეისბუქ-სტატუსით შეიტყო, სადაც პროტესტის ნიშნად კარვის გაშლასაც გეგმავდა.
დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაზარალებულად აღიარებულ მოქალაქეს განაცდურს სრულად აუნაზღაურებენ და ტოლფას თანამდებობაზე აღადგენენ.
დღეს თამაზ ახობაძემ ბრძანებაზე იურიდიული კონსულტაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გაიარა, რის შემდეგაც სამსახურში გამოცხადდა.
„2014 წლის იანვარში გამათავისუფლეს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან. ამის შემდეგ 5 წელი გავიდა, 5 წლის განმავლობაში მე მოვიგე სამივე ინსტანცია სამსახურში, აღდგენის და განაცდურის. გუშინდელ დღემდე იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებდა გადაწყვეტილებას, თუმცა გუშინ გავრცელდა მათი ოფიციალური განცხადება, რომ აღმადგენენ სამსახურში და ჩამირიცხავენ განაცდურს აღდგენამდე პერიოდის. დღეს უკვე გამოცემულია ბრძანება, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებულია,“ - განაცხადა თამაზ ახობაძემ.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრს უკანონოდ განთავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა ჯერ კიდევ 2 წლის წინ ჰქონდა დავალებული.
„აღნიშნული ბრძანების მიღების სამართლებრივი საფუძველი გახლდათ სწორედ სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დანაშაულის პრევენციის ცენტრს დავალებული ჰქონდა ჯერ კიდევ 2 წლის წინ, რომ სამსახურში აღედგინა უკანონოდ განთავისუფლებული თანამშრომელი, ანუ თამაზ ახობაძე ამ შემთხვევაში. შესაბამისად ითვლება, რომ აღდგენის ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილება დღევანდელი მდგომარეობით არის პრაქტიკულად აღსრულებული,“ - აცხადებს საია-ს წევრი.