19 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
"ცალსახა არის სურათი, რომ აქ იყო სერიოზული დარღვევები" - ელენე ხოშტარიამ დეკანოზი ციხის საავადმყოფოში მოინახულა  

დეკანოზ გიორგი მამალაძე გლდანის ციხის საავადმყოფოში "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ მოინახულა. დეპუტატი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მამალაძესთან შესვლის შემდეგ, პარლამენტის წევრმა განაცხადა, რომ მღვდელი პროკურატურის და ხელისუფლების მიერ შანტაჟის მსხვერპლია და დაუყონებლივ უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება.

სასულიერო პირმა დეპუტატს იმის შესახებ ესაუბრა, თუ როგორ ცდილობდნენ მისგან ინფორმაციების მიღებას პროკურორები, როდესაც ის ახალი დაპატიმრებული იყო.

„მან მე მითხრა, რომ ის აპირებს ბრძოლას. რა თქმა უნდა, მესაუბრა იმ დარღვევებზე, რაც მის წინააღმდეგ იყო ძალიან დეტალურად. ფაქტია, რომ ეს ადამიანი ამბობს, რომ მას ეკუთვნის გარეთ ყოფნა და ეს არის შეკერილი საქმე მის წინააღმდეგ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს შეწყალება. ძალიან კონკრეტული სამხილებია ამის, თუ როგორ იკერებოდა ეს საქმე და რატომ არის ეს საქმე შეკერილი. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, რომ ადამიანები ესე ტყვეობაში იყვნენ," - ამბობს ხოშტარია. 

ელენე ხოშტარიას თქმით, დეკანოზის წინააღმდეგ შანტაჟი და ზეწოლა ხორციელდებოდა როგორც მოსამართლეების, ასევე პროკურატურის მხრიდან. 

„რა თქმა უნდა, ზეწოლის შედეგად, დარღვევების შედეგად ხდებოდა ეს ყველაფერი. დაკვეთილი მოსამართლეები, ზონდერ მოსამართლეები, რომლებიც ყველა ესეთ საქმეში ფიგურირებენ. ანუ, ძალიან ცალსახა არის სურათი, რომ აქ იყო ძალიან სერიოზული დარღვევები. მე მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. ის როდესაც ჩათვლის საჭიროდ, თავად იტყვის, მაგრამ ჩემი ცალსახა შთაბეჭდილება არის, რომ ეს ადამიანი ნამდვილად არის შანტაჟის, წნეხის და ძალიან უსამართლო საქმის მსხვერპლი,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები