საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე პრაღაში გრიგორი კარასინთან გამართული შეხვედრის შემდეგ უკვე საქართველოშია.
აბაშიძემ განმარტებები „კურიერთან“ აეროპორტშივე გააკეთა და რუსი დიპლომატის სიტყვები უარყო. ქართველი დიპლომატი ამტკიცებს, რომ ივანიშვილი კარასინთან საერთოდ არ უხსენებია, თუმცა კითხვაზე რატომ ამტკიცებდა სერგეი ლავროვის მოადგილე, რომ პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრაღაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გზავნილები ჩაიტანა, აბაშიძე პასუხობს, რომ არ იცის.
ზურაბ აბაშიძემ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა საკითხები განიხილა ივანიშვილთან შეხვედრის დროს პრაღაში გამგზავრებამდე. აბაშიძის თქმით, საუბარი ანაკლიის პორტს საერთოდ არ შეხებია.
„მე ის ჩავაყენე საქმის კურში იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ეს დიალოგი, რაზე ვსაუბრობთ იქ, რა თემებს განვიხილავთ ამ შეხვედრაზე. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა, ჩემი ინიციატივით. ანაკლიის პორტს როგორ უნდა მიაბა ამასთან ვერ წამომიდგენია, სიტყვა საერთოდ ამასთან დაკავშირებით არ ხსენებულა. რაც შეეხება იმ განცხადებას, სადაც არის აშკარად მუქარის ტონი საქართველოს, უკრაინის მიმართ, ეს არის ყოვლად მიუღებელი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს,“ - ამბობს აბაშიძე.
ორშაბათს პრემიერის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მძიმე დღე ექნება. ის პარლამენში ოპოზიციამ დაიბარა, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ ზურაბ აბაშიძე მოსკოვთან არაფორმალურ მოლაპარაკებებს მართავს და თბილისიდან რუსი დიპლომატთან ივანიშვილის გზავნილები ჩააქვს. აბაშიძე აანონსებს, რომ მზად არის ოპოზიციის ნებისმიერ კითხვას უპასუხოს.