19 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
"ნდობის დაკარგვის მომენტი იყო" - ზვიად კვაჭანტირძის პირველი კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის შემდეგ

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის შემდეგ ზვიად კვაჭანტირაძემ პირველი კომენტარი გააკეთა. მან გუნდის დატოვების შესახებ პარტიის ლიდერს წერილობით უკვე აცნობა. წერილის გაგზავნის შემდეგ კვაჭანტირაძე პარლამენტში პირველად რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

დეპუტატმა „კურიერის“ ჟურნალისტთან გუნდიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. კვაჭანტირაძის თქმით, მთავარი წყალგამყოფი და წითელი ხაზი მოსამართლეების 10-კაციანი სია იყო, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ გუნდში სერიოზული პრობლემები მანამდეც იყო.

კვაჭანტირაძე აქტიური პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას გეგმავს. ის, სავარაუდოდ, ეკა ბესელიას გუნდში იქნება. ზვიად კვაჭანტირაძე ამ წუთებში ეკა ბესელიას ხვდება.

„სასამართლო იყო ბოლო წითელი წყალგამყოფი, ანუ საერთოდ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პრობლემა და პრობლემის მიმართ უმრავლესობის მიდგომა. ამას გარდა, იყო მთელი რიგი სხვა მომენტები, რაც დაგროვდა, რაზეც ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მქონდა საუბარი რამდენიმე თვის წინ, დაწყებული მართვის სტილიდან ამ პარლამენტში, დამთავრებული იმით, რომ ნდობის დაკარგვის მომენტი იყო ყველააზე მთავარი ჩემთვის, გადაწყვეტილებების მიმღები იმ კულუარებში რაც ხდება, იმის მიმართ ნდობის დაკარგვის მომენტი იყო მთავარი, რამაც მიმიყვანა ამ, გულწრფელად ვამბობ, გულსატკენ გადაწყვეტილებამდე. ვაპირებ იმას, რასაც არ ვაპირებდი, არ ვიყავი მოწადინებული, რომ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით მეცხოვრა. ვხელმძღვანელობდი საინტერესო კომიტეტს, ჯერჯერობით ვხელმძღვანელობ, სანამ გადამაყენებენ, ალბათ. არ მინდოდა ძალიან აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ეს ორი წელიწადი აუცილებლად უნდა ვიყო ძალიან აქტიური,“- განაცხადა კვაჭანტირაძემ.

დღის ამბები