19 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
"რატომ ვყიდულობთ მაინცდამაინც რუსულ ენერგიას ? რატომ არ შეიძლება ვიყიდოთ სხვა ენერგია" - ბათუ ქუთელია

ექსპერტები რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას აფასებენ, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისათვის რუსეთისაგან ელექტროენერგიის შეძენას ითვალისწინებს. მთავარი, რაზეც სპეციალისტები ამახვილებენ ყურადღებას, მიმდინარე პროცესებისა და კონტრაქტის პირობების გამჭვირვალობის აუცილებლობაა, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი შესაძლოა ქვეყნისთვის საზიანო პუნქტებს შეიცავდეს. 

"საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტს, ბათუ ქუთელიას აინტერესებს, რატომ ყიდულობს ქართული მხარე ელექტროენერგიას მაინცდამაინც რუსეთისგან. მისი თქმით, რუსეთთან ნებისმიერი ენერგეტიკული დამოკიდებულება, ქვეყნისთვის უკვე საფრთხის შემცველია.

„თუ ამბობს მთავრობა, რომ შეიქმნა დეფიციტი, უნდა ახსნან კიდეც, რის გამო შეიქმნა, ეკონომიკური ბუმია აფხაზეთში თუ რამ შექმნა ეს დეფიციტი. თუკი წლების განმავლობაში არ იყო დეფიციტი, დღეს რატომ არის. მეორე, თუ არის ტექნიკურად დეფიციტი, რატომ მაინცდამაინც რუსულ ენერგიას ვყიდულობთ? რატომ არ შეიძლება ვიყიდოთ სხვა ენერგია. იმიტომ რომ რუსული ენერგია და ზოგადად ნებისმიერი დამოკიდებულება ენერგეტიკულ სფეროში რუსეთთან, უკვე თავის თავად რისკებს შეიცავს. იმიტომ რომ არ არის გამჭვირვალე და ღია მოთამაშე. პლუს აქვს კონკრეტული ინტერესები საქართველოს მიმართ, რომელიც არ ემთხვევა ჩვენ ეროვნულ ინტერესებს და აქვს კონკრეტული ინტერესები აფხაზეთის მიმართ, რომელიც ოკუპირებულია და აღიარა დამოუკიდებელ ქვეყნად. ამიტომაც, ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი,“ - აცხადებს ბათუ ქუთელია.

განცხადება ამავე თემაზე "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" (GSAC) დამფუძნებელმა, თორნიკე შარაშენიძემაც გააკეთა, რომელიც ამბობს, რუსეთისგან სესყიდვები აღარ უნდა ხორციელდებოდეს.

„ფაქტია, რომ ამდენი ხანია დამოუკიდებლები ვართ და ვერ ავცდით რუსებისგან დენის შესყიდვას, ვერ ავცდით რუსეთისგან იმპორტს. ჩემთვის უფრო კითხვის ნიშნებს ბადებს რამდენი ხანი უნდა ველოლიავოთ აფხაზებს, რამდენი ხანი უნდა ვუფინანსოთ მათ ჯანდაცვა და რამდენი ხანი უნდა ვიხადოთ მათი ელექტროენერგია. ნუთუ არ არსებობს გამოსავალი აქედან? ჩემთვის ეს არის უფრო მიუღებელი... ჩემი აზრით, რაღაც რაღაცებს სახელმწიფომ უნდა გადახედოს, იმიტომ რომ ფაქტია აფხაზები ხანდახან უფრო მეტი პრივილეგიებით სარგებლობენ, ვიდრე სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები. ვისაც საქართველოს პასპორტი უდევს ჯიბეში და ქვეყნის გადასახადებს იხდის ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიშემ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები