17 ნოემბერი 2024,   14:56
ვრცლად
მერია აყენებდა შუქნიშანს... გახვრიტეს გაზის მაგისტრალი, უზარმაზარი ნაკადი ამოიჭრა, - გურამიშვილის გამზირზე მცხოვრები

გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივმა აირმა გაჟონა, „ყაზტრანსგაზის“ სპეციალური ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ. მიმდინარეობს მიწის გათხრა იმისთვის, რათა დაზიანებული მილი ნახონ და შეაკეთონ.

გაზის მძაფრი სუნი ტერიტორიაზე, დაახლოებით, 2 საათის წინ იგრძნეს. ბუნებრივი აირი ამ ეტაპზე გადაკეტილია და 9 ათასი აბონენტი გაზმომარაგების გარეშეა დარჩენილი.

„ყაზტრანსგაზის“ ცნობით, გაზსადენი დავით გურამიშვილის გამზირის 50 ნომერთან სამშენებლო კომპანია "დინ გრუპის" მიერ წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულებისას დაზიანდა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ გაზის მილის დაზიანება შუქნიშნის დაყენების მიზნით განხორციელებულმა სამუშაოებმა გამოიწვია.

„მერია აყენებდა შუქნიშანს მანდ და ბურღით გახვრიტეს და ბოლოსდაბოლოს გახვრიტეს გაზის მაგისტრალი და უზარმაზარი გაზის ნაკადი ამოიჭრა, ჭებშიც დაგროვდა, მაგრამ იყოჩაღეს, ჭები ახადეს, ხალხი მოაცილეს და გადავრჩით,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოქალაქეებს ბუნებრივი აირი ხვალ დილამდე არ ექნებათ. ამის შესახებ ადგილობრივებს ინფორმაცია „ყაზტრანსგაზმა“ მიაწოდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები