პროკურატურის პოლიტიკური თამაში „თიბისის“ წინააღმდეგ - ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებას საქმე ხელოვნურად მიჰყავს ჩიხისკენ.
ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ პირდაპირ თქვა, რომ საქმეზე გრიფით საიდუმლოს დადებით და ბრიფინგებით, პროკურატურას არა საქმის სამართლებრივი გამოძიება, არამედ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის რეპუტაციული ზიანის მიყენება სურს.
ამის საპასუხოდ პროკურატურამ მხოლოდ ის განმარტა რომ „თიბისი ბანკის“ საქმეს გრიფით საიდუმლო არ ადევს და ბიზნესმენების ინტერესების დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის პასუხად ადვოკატმა საგამოძიებო უწყებას ხაზარაძის და ჯაფარიძის მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენებების სრულად გასაჯაროება მოსთხოვა. თადუმაძის უწყებამ კი განმარტა, რომ პროკურატურა ჩვენებების გასაჯაროებას არ აპირებს.
რატომ ითხოვენ თიბისი ბანკის დამფუძნებლები მათი ჩვენების გასაჯაროებას, ამაზე ვრცლად, სავარაუდოდ, ბიზნესმენები პარლამენტში ისაუბრებენ. თუმცა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას არ დაესწრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
დღეს „კურიერმა“ გაარკვია, რომ საქმის მთავარ ფიგურანტად გამოცხადებული პაატა ღაძაძე პროკურატურას არ დაუკითხავს. საქმის მასალებით, ღაძაძე ოფშორში რეგისტრირებული იმ ფირმის ხელმძღვანელია, რომელმაც „თიბისიდან“ გატანილი 17 მილიონის უკან დაბრუნების ვალდებულება აიღო.
„კურიერის“ ინფორმაციით, პროკურატურას ამ დრომდე არ დაუკითხავს და საქმის მასალებში არ დევს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის ჩვენება. მოწმის სტატუსით არ დაუკითხავთ „სამგორი M“-სა და „სამგორი ტრეიდის“ დამფუძნებელი, ვახტანგ წერეთელიც.
მთავარი ფიგურანტების დაკითხვის გარეშე საქმის გამოძიება და პროცესის წარმართვა ოპოზიციას უმყარებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. „თიბისი ბანკის“ სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვთ მმართველ გუნდშიც.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.