სადამსჯელო ოპერაცია ურჩი დეპუტატების წინააღმდეგ - ეკა ბესელია მივლინებაში არ გაუშვეს და ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის სიიდანაც ამოიღეს.
ირაკლი კობახიძის წერილში ნათქვამია, რომ უმრავლესობის დატოვების პარალელურად, ეკა ბესელიას მუდმივმოქმედი კომისიის წევრის სტატუსი შეუწყდა.
მიზეზების განმარტებას ეკა ბესელია პირადად ირაკლი კობახიძის და მისი მოადგილისგან ითხოვს, წინააღმდეგ შემთხევაში, დეპუტატი წერს, რომ ის გადაწყვეტილებას პოლიტიკური და პირადი მოტივებით ახსნის.
პროცედურული ომის დეტალებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს. გიორგი კახიანი ამბობს, რომ უმრავლესობის და ფრაქციის დატოვება, მუდმივმოქმედ დელეგაციაში, პარლამენტის წევრისთვის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი მართაც არის, მაგრამ ჩანაცვლება, სხდომაზე კენჭისყრით უნდა მოხდეს. ასეთი გადაწყვეტილება კი პარლამეტს ჯერ არ მიუღია.
„ოცნებიდან“ წასულების ე.წ. ძველ გვარდიას დღეს კიდევ ერთი წევრი შეემატა. ზვიად კვაჭანტირაძემ პირველი პოლიტიკური მოლაპარაკება გუნდიდან წასვლის შემდეგ სწორედ ეკა ბესელიასთან გამართა.
საკონსტიტუციო უმრავლესობასთან ერთად მმართველი გუნდი პარლამენტში, რამდენიმე დღეში, კიდევ ერთ ფრაქციას დაკარგავს. „კურიერის“ ინფორმაციით, დეპუტატი შოთა შალელაშვილი, ორშაბათს „მრეწველთა ფრაქციას“ ოფიციალურად დატოვებს.