სოციალური მუშაკების პრობლემები - ქალაქებსა და სოფლებში სიარული ყველა სოციალურ მუშაკს საკუთარი თანხებით უწევს, რომელსაც არავინ ანაზღაურებს.
ტრანსპორტი სოციალური მუშაკებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც. უმანქანობის გამო, ბენეფიციარები უყურადღებოდ რჩებიან და ხშირად საფრთხეში მყოფი მოქალაქე დროულ დახმარებას ვერ იღებს. მაღალმთიან აჭარაში სოცმუშაკებს ხშირად ერთ ვიზიტზე 50 ლარი ეხარჯებათ, რომელსაც საკუთარი 700 ლარამდე ხელფასიდან ფარავენ.
უკვე წლებია, რაც სოციალური მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროს პრობლემის მოგვარებას უშედეგოდ სთხოვენ. პრობლემების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. სოციალური მუშაკები 30-მდე მიმართულებით მუშაობენ, მათი მოვალეობები წლიდან წლამდე იზრდება, პრობლემები და პირობები კი იგივე რჩება.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდები ფსიქოლოგიური დახმარების რიგში ხშირად ერთი წელი დგანან. თბილისს, სადაც ათასობით ბენეფიციარია, მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი ემსახურება. ჯერჯერობით, დავით სერგეენკოს უწყებას არ აქვს კონკრეტული პასუხი, როდის მოაგვარებს სამინისტრო ამ პრობლემას.
ვიდრე სამინისტროში შექმნილი შესაბამისი ჯგუფი პრობლემების მოგვარების გზებზე მსჯელობს, ასობით სოცმუშაკი მუშაობას ისევ რთულ პირობებში აგრძელებს.