17 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
"თქვენ წერილი გინდათ, თუ სიხარული?" - გახარიას რეპლიკა TBC ბანკის საქმეზე

წერილი გინდათ თუ სიხარული? - TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე განცხადებებზე ვრცელი კომენტარის გაკეთებამდე შს მინისტრმა ჟურნალისტებთან ხუმრობა სცადა. 

შემდეგ კი შს მინისტრმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობებს ვერავინ გაექცევა. მისი თქმით, ის მზად არის მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს უპასუხოს, როგორც საპარლამენტო ტრიბუნიდან, ასევე  პროკურატურაში. შს მინისტრმა თქვა, რომ მას ძალიან კარგად ესმის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობა, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. 

"მე ყველა ფორმატში, პროკურატურა იქნება, პარლამენტი იქნება, როგორც ყოველთვის, მზად ვარ, ღიად ვისაუბრო ობიექტურ გარემოებებზე და იმ შეფასებებზე, რაც მე მაქვს. სამწუხაროდ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია  პარლამენტის ტრიბუნა იყო გამოყენებული ჩვეულებრივი ჭორაობისა და ტყუილებისთვის. ამას, რა თქმა უნდა, თავისი მიზანი ჰქონდა. ნათელია, რომ ამის მიზანი იყო შინაარსობრივი საუბრიდან აქცენტების გადატანა რაღაც სკანდალებზე და სამწუხაროდ, ეს გამოვიდა.

"მე, როგორც ვიცე-პრემიერს და ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ძალიან კარგად მესმის ამ ქვეყნისთვის და ამ სახელმწიფოს მომავლისთვის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. დღეს, როგორც შს მინისტრს და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს, ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია.

საერთოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, რომ ადამიანები სკანდალებით, რაღაც შეთქმულების თეორიებით ადამიანები ცდილობენ თავიანთ ვალდებულებებს თავი აარიდონ და  ამით დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები. ანაკლიის პორტი ეს არის ამ ქვეყნის მომავალი უსაფრთხოების და ეკონომიკის კონტექსტში და არავის გამოუვა არც ერთ შემთხვევაში, რომ შეთქმულების თეორიით, სკანდალებით და ჭორაობით, ვალდებულებებს, რომელიც აღებულია წლების წინ, თავი აარიდოს,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები