17 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
მოსამართლეების შერჩევის წესი და კრიტერიუმები - სამი ძირითადი მიმართულება სადავოდ რჩება 

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფმა დღეს მუშაობა დაასრულა. კვლავ სადავოდ რჩება მთავარი პრინციპები, მათ შორის კონკურსში მონაწილეობა, შერჩევის პარამეტრები და კენჭისყრა. 

წარმოდგენილი ვარიანტის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობის მიღების შეეძლება, როგორც მოქმედ მოსამართლეს, ასევე ყოფილ მოსამართლეს და გამორჩეულ იურისტს. სწორედ ეს ჩანაწერია გაუგებარი, როგორც არასამთავრობო სექტორისთვის, ასევე ოპოზიციისა და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის.

კიდევ ერთი მიმართულება ეხება ინტერესთა კონფლიქტს. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს. 

კენჭისყრის საკითხზე სამუშაო ჯგუფში, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ხმების რა რაოდენობით უნდა შეირჩეს საბოლოო კანდიდატი, რომელიც უზენაეს სასამართლოში განმწესდება. საბოლოოდ, ჩაიწერა, რომ ეს იქნება 2/3. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, ამას საფუძვლად კონსტიტუციის ჩანაწერი დაედო. 

შეხვედრის შემდეგ, განცხადება გააკეთა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ. მიქაუტაძე არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა ახალ კონკურსში მონაწილეობას. 

„დარეგულირდა, ასევე ინტერესთა კონფლიქტის საკითხები და იმ შემთხვევაში, როდესაც საბჭოს წევრი იქნება მონაწილე ამ კონკურსის, ის არ მიიღებს პირველ ორ ეტაპში საერთოდ მონაწილეობას, ხოლო უკანასკნელ ეტაპში ის ვერ მიიღებს მონაწილეობას, როდესაც მისი კანდიდატურის შესახებ იქნება გადაწყვეტილება მიღებული,“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

არასამთავრობო ორგანოები მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის საჭიროებას ვერ ხედავენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები არც დღევანდელ შეხვედრას დასწრებიან, სადაც  მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების საბოლოო ვარიანტს განიხილავდნენ. მესამე სექტორის ბოიკოტს გამოეხმაურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძე. 

„მე მიმაჩნია, რომ ეს არის სასამართლო სისტემისთვის დიდი შანსი. იმიტომ რომ დღემდე მოსამართლეების მიმართ ხდება ცალმხრივი ლანძღვა. სულ საუბრობენ იმაზე, რომ გვაქვს შეკითხვები. ერთხელ და სამუდამოდ, იქნებ დაისვას ეს შეკითხვები და შემდგომ, კანდიდატებს მიეცემათ საშუალება, გასცენ ამაზე პასუხი. რაც შეეხება არასამთავრობოებს, მე მოვუწოდებდი მათ, რომ ბოიკოტის რეჟიმი კი არ უნდა გამოაცხადონ მათ, ახლა გაიღება ყველა კარი, ყველას ექნება იმის საშუალება, შემოიტანოს განაცხადი და განაცხადოს პრეტენზია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე. გამოვიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საზოგადოებას დაანახონ ის კომპეტენცია და ის კეთილსინდისიერება ღია ეთერში, რა სტანდარტსაც უნდა აკმაყოფილებდეს სასამართლო კორპუსი,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შესახებ განცხადება გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმაც. დეპუტატი ამბობს, რომ კანონპროექტი გამჭვირვალობას და საზოგადოებრივ კონტროლს უზრუნველყოფს. 

„ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც ეთმობოდა გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ხანგრძლივად წარმართვის შესაძლებლობას პროცესის, საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობას, რამდენიმე ეტაპიან საფეხურს, ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია ძირითადად კანონპროექტით,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები