17 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
გამოუძიებელი ხანძრები კახეთში - მეღვინე ნიკოლოზ ბახიას ვენახი 22-ჯერ დაუწვეს

ბიზნესმენი, რომელიც 13 წლის წინ კახეთში ვენახის გასაშენებლად დასახლდა, წლებია ხანძრებს ებრძვის. ნიკოლოზ ბახიას ვენახი ისევ განადგურებულია. მეღვინეს საკუთრება 22-ჯერ დაუწვეს, თუმცა არც ერთ შემთხვევაზე გამოძიების კონკრეტული შედეგი არ დამდგარა. ვაზები, პრაქტიკულად, განადგურებულია. მეღვინე ეჭვობს, რომ მის ვენახს ვიღაც განგებ წვავს.

ნიკოლოზ ბახიას მიწის ნაკვეთს ცეცხლი გუშინ საღამოს მოეკიდა. თვითმხილველებმა არ იციან, როგორ გაჩნდა ხანძარი. ამბობენ, რომ ტერიტორიაზე არავინ იყო. ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთზე ცეცხლის ჩასაქრობად მხოლოდ ერთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძარმა ვენახი სრულად გაანადგურა.

დამწვარი ვენახის სანახავად მისულს საკუთარ მიწის ნაკვეთზე ისევ კოცონი დახვდა. მეზობელი მევენახე წალამს მის მიწაზე წვავდა.

47 წლის მეღვინე კახეთში 13 წლის წინ ევროპიდან ჩამოვიდა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში დასახლდა, ვენახი კი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში გააშენა. მისი საკუთრება პირველად 2007 წელს დაწვეს, ვენახი მაშინ სრულად განადგურდა. მეღვინემ ახალი მიწის ნაკვეთი მოძებნა და ვაზი ხელახლა ჩაყარა, თუმცა, ამის შემდეგ წელიწადში რამდენჯერმე ხანძარს ებრძვის.

მეღვინეს ახალი ნერგები ახალი ვენახის გასაშენებლადაც უკვე მზად აქვს. 10 ათასობით დოლარის ფინანსური ზარალის მიუხედავად, ის კახეთიდან წასვლას არ აპირებს.

 

ავტორები: ია გულიაშვილი, ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები