რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთი დატოვეს, თუმცა, ადგილობრივების ბაღებში აღმოჩენილი კვალი მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელში ახალი მავთულხლართების დასამონტაჟებლად ემზადებოდნენ.
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, ამბობს, რომ სოფელში არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და ყველა მოქალაქეს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.
„ამჯერად არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი. მე მინდა, მოვუწოდო თქვენი ეთერითაც ყველა ადამიანს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს და ხელისულფებას ეხება ეს, აქტივისტებსაც და ნებისმიერ მოქალაქეს, რომ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით იქნას აღჭურვილი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო უსაფრთხოებასა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებზე,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მონიტორინგის ჯგუფი და ჟურნალისტები ქართველმა სამართალდამცველებმა მცირე ხნით დღეს ხურვალეთში შეუშვეს და იმ ტერიტორიის დათვალიერების უფლება მისცეს, სადაც გუშინ ადგილობრივებმა ოკუპანტები დაინახეს.
მათივე ინფორმაციით, გაკაფულია ბაღები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ეს ტერიტორია ახალი მავთულხლართებისთვის მოასუფთავეს, თუმცა, სამოქალაქო სექტორის და ქართველი სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ უკან დაიხიეს.
ამ დროისთვის გორის მიმდებარე სოფლებში ოკუპანტების გადაადგილება აღარ შეინიშნება, თუმცა, პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა ისევ ადგილზე რჩება და ხურვალეთში შესვლა ისევ შეზღუდულია.
სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები.