„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ თავმჯდომარეს საყოველთაო ელექტრონული კენჭისყრით აირჩევს.
დაგეგმილი ცვლილებების შესახებ პოლიტსაბჭოს ფორმატში რამდენიმე საათია მსჯელობენ. სხდომაზე საუბარი შეეხება ორგანიზაციულ საკითხებსაც და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისს.
პოლიტსაბჭოს წევრები ასევე მსჯელობენ დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე. ამ წუთებში კი პოლიტსაბჭოს წევრებს მიხეილ სააკაშვილი ონლაინ ერთვება.
„პოლიტსაბჭოს დღევანდელი შემადგენლობა განიხილავს ორ ძირითად საკითხს - ეს არის, მოახლოებული არჩევნები მაისის თვეში, მზადება პარტიის ამ არჩევნებისთვის და მეორე საკითხია ყრილობის საორგანიზაციო საკითხები.
"ბუნებრივია, ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ძალიან ბევრი თემაა განსახილველი. დღეს მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები ორივე თემასთან დაკავშირებით. პოლიტსაბჭოს სტრუქტურა არ შეიცვლება, შესაძლოა გარკვეული წევრები დაემატონ პოლიტსაბჭოს, თუმცა ესეც გადასაწყვეტია. სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება პარტიაში, ერთ-ერთი არის პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა. ზუსტად ამ წუთებში მიმდინარეობს ამ საკითხების განხილვა,“-აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ უდუმაშვილი.
რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს, როგორც ცნობილია, სამეგრელოში შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობამ" აქ ნიკა მელია ან სანდრა რულოვსი წარადგინონ, თუმცა, როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და მსჯელობა მიმდინარეობს.
პარტიის ყრილობა შესაძლოა 24 მარტს ჩატარდეს,თუმცა ამაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული. როგორც ცნობილია, ჯერ არ არის გადაწყვეტილი თბილისში ჩატარდება ყრილობა თუ რომელიმე რეგიონში.
მიხეილ სააკაშვილმა კი მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის არჩევისკენ მოუწოდებს. ვიდეომიმართვაში, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა დღეს დილით გაავრცელა, საუბარია პარტიაში ცვლილებების აუცილებლობაზე.