პრეზიდენტის უფლებამოსილების ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ შესაძლოა, დღის წესრიგში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. საპარლამენტო ოპოზიციამ პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება იმ განცხადების გამო დაანონსა, რომლითაც ზურაბიშვილმა საქართველო ომის დაწყებაში დაადანაშაულა. ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტს ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის გაჟღერებაში სდებენ ბრალს.
სალომე ზურაბიშვილს საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში მანამდეც არაერთხელ დაუდანაშაულებია, თუმცა ამჯერად პრეზიდენტის სიტყვებს შესაძლოა, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საქმეში, რომელიც ჰააგაში მიმდინარეობს, სულ სხვა პოლიტიკური ფასი ჰქონდეს.
განცხადება, რომლის გამოც სალომე ზურაბიშვილს დღეს ოპოზიცია და მესამე სექტორის ნაწილი დაუპირისპირდა, საქართველოს პრეზიდენტმა „რეაქციაში“ გააკეთა. მან პრეზიდენტის რანგში თქვა, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ცხინვალი დაბომბა, სადაც მოქალაქეების ნაწილი რჩებოდა.
ოპოზიციის წევრების შეფასებით, ზურაბიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ ანტისახელმწიფოებრივი და მავნებლური პოზიციების გამო აირჩია. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მისი კანდიდატურა მისაღები სწორედ რუსული ნარატივის გამო გახდა.
ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს იმის მტკიცება და ახსნა უწევდათ, რომ ომის საქართველოს არ დაუწყია და სალომე ზურაბიშვილი საპირისპიროს გულისხმობდა.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებასაც დაურთავს. ექსპერტები საგარეო უწყებას და ქართველ დიპლომატებს მოუწოდებენ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებით ქვეყანას ნაკლები ზიანი მიადგეს.