სამშენებელო კომპანია "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულმა მოქალაქეებმა მერიასთან მორიგი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა კახი კალაძესთან შეხვედრა იყო.
დაზარალებულები "ცენტრ პოინტის" საქმის ირგვლივ არსებულ ბუნდოვან გარემოებებზე საუბრობენ და დედაქალაქის მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. დაზარალებულებს მერიიდან დღეს არავინ გამოხმაურებია.
„ჩვენ ორი თვის წინ ვიყავით მერიაში შეხვედრაზე. წლების მანძილზე, დიდი თხოვნით მივაღწიეთ მერთან შეხვედრას. მერი დაგვპირდა დახმარებას ამ პრობლემის გადაწყვეტაში. გვთხოვა ამისათვის ათი დღე და გვითხრა, რომ გაგვაცნობდა სიახლეებს. მას შემდეგ გავიდა ორი თვე, დაიწყო მესამე თვე და ყოველი ჩვენი ზარი მთავრდება შაბლონური პასუხით მერიიდან, რომ „არაფერი ახალი, თუ რამე იქნა, გაგაგებინებთ.“ მერის მოადგილე საუბრობს ინკოგნიტო ინვესტორებზე, რომლებსაც არ გვისახელებს, რომ ვითომ არის, ვითომ მოიძიეს, აი, პროცესშია, მაგრამ რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ არაფერი არ კეთდება,“- აცხადებს „ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დაზარალებული, ნინო მანველიძე.