29 წლის მელანო ფუტკარაძის დედა შვილის გარდაცვალებაში ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს. გოგონა კლინიკაში 18 მარტს მუცლის მწვავე ტკივილით შეიყვანეს. დედის მტკიცებით, მედიკოსებმა ის თავდაპირველად კონსულტაციაზე გინეკოლოგთან გაუშვეს, შემდეგ კი ექოსკოპიური კვლევა სამჯერ ჩაუტარეს და ტკივილის მიზეზი მაინც ვერ დაადგინეს.
3-დღიანი კვლევების შემდეგ ექიმებმა 29 წლის პაციენტის სახლში გაწერის გადაწყვეტილება მიიღეს და ცხელი აბაზანების მიღება ურჩიეს.
სახლში მისვლიდან რამდენიმე საათში მელანო ფუტკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ოჯახმა გოგონა კლინიკა ”მედცენტრში” გადაიყვანა. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქალს ბრმა ნაწლავის პერფორაციამ სეფსისი გამოიწვია. 29 წლის გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
მომხდარ ტრაგედიაში ოჯახი რეფერალური საავადმყოფოს ექიმს, ეკა ფუტკარაძეს ადანაშაულებს და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.
"როგორ ვთქვა, ბრმა ნაწლავით შვილი დამეღუპა, ხალხო. ასეთი უპასუხისმგებლობა როგორ გამოიჩინეს. მუცელი სტკიოდა, ვერ მიხვდნენ. სამი ექოსკოპია გადაიღეს, ვერაფერს მიხვდნენ,"- განაცხადა გარდაცვლილის დედამ.
რატომ ვერ დაადგინეს კლინიკაში 29 წლის ქალის დიაგნოზი, გოგონას მკურნალ ექიმს საუბარი არ სურს. ეკა ფუტკარაძე მომხდარ ტრაგედიაში საკუთარ ბრალეულობას ვერ ხედავს.
კლინიკაში, სადაც გოგონა გარდაიცვალა ადასტურებენ, რომ ქალი სასწრაფოდ საოპერაციო იყო, ქირურგიული ჩარევა კი, სავარაუდოდ, დაგვიანებული აღმოჩნდა. განსხვავებული პოზიცია აქვთ ბათუმის რეფერალურ კლინიკაში, სადაც აცხადებენ, რომ მელანო ფუტკარაძეს ყველა სათანადო კვლევა ჩაუტარდა და გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.