უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტობის კანდიდატის, იულია ტიმოშენკოს შტაბმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რეგიონებში საარჩევნო კომისიებში მათმა წარმომადგენლებმა გარკვეული უზუსტობები დააფიქსირეს. სერიოზული დარღვევების შესახებ ცნობები ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს. კიევის მერი საარჩევნო უბანთან ველოსიპედით მივიდა.
საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა. პეტრო პოროშენკო საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. ხმის მიცემის შემდეგ მან მედიისთვის განცხადება გააკეთა. პოროშენკოს თქმით, მან ხმა უკრაინის უკეთეს მომავალს მისცა.
„დღეს არის გადამწყვეტი დღე კრაინის მომავლისთვის, რომ ქვეყანა აღარ დაბრუნდეს საბჭოთა ეპოქაში და საბოლოოდ ჩამოცილდეს რუსეთს. ამ არჩევნებს ესწრება დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა და მედია. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები ორგანიზებულად ჩაივლის და ხალხის არჩევანი დაცული იქნება. ეს აუცილებელი პირობაა ჩვენი წინსვლისთვის და უკრაინის ევროპელი ხალხის ოჯახში დაბრუნებისთვის. წინ ევროკავშირისა და ნატო-ში წევრობისკენ და სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმებისკენ!“ - აღნიშნა პოროშენკომ.
უკრაინის მოსახლეობა არჩევნებზე საკმაოდ აქტიურია. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე რიგებიც კი იყო. მოსახლეობის ნაწილის აზრით, ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მათი განცხადებით, საკმაოდ დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია იყო და რჩებათ შთაბეჭდილება, რომ კანდიდატები მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვიან.
უკრაინელების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, რომელმაც ქვეყნისთვის ცვლილებები უნდა მოიტანოს.
კანდიდატებს შორის არიან გავლენიანი პოლიტიკოსები და რადას მოქმედი და ყოფილი დეპუტატები, თუმცა მთავარი ბრძოლა 3 კანდიდატს - პეტრო პოროშენკოს, იულია ტიმოშენკოს და ვლადიმერ ზელენსკის შორის მიმდინარეობს.
სწორედ ამ სამ კანდიდატს უწინასწარმეტყველებენ ექსპერტები მეორე ტურში გასვლას. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მათგან ყველაზე დიდი მხარდაჭერა კომიკოს მსახიობს და ტელეწამყვანს ვლადიმერ ზელენსკის აქვს.