თევდორე მღდვლის 13 ნომერში არსებული კლინიკის თანამშრომლები და მოსახლეობა შენობის წინ მდებარე ტროტუარზე ჯიხურების მშენებლობას აპროტესტებს. კლინიკის თანამშრომლების თქმით, ჯიხური პაციენტების გადაადგილებას პრობლემას შეუქმნის.
მოსახლეოის განცხადებით, ქუჩა ისედაც გადატვირთულია. მათი განმარტებით, ამ ტერიტორიაზე ჯიხურების აშენებას უკვე წლებია, აპროტესტებენ. მათი თქმით, წლების წინ ქალაქის მერიამ კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ მისცა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯიხურები აშენდება.
აქციის მონაწილეები სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ. ისინი დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ.
თევდორე მღდვლის 13 ნომერში ტროტუარზე ჯიხურების განთავსებასთან დაკავშირებით მოსახლეობის პროტესტს კახა კალაძემ უპასუხა.
„ამ ჯიხურების მშენებლობაზე 2014 წელს ნებართვა იყო გაცემული, შემდეგ მოხდა მისი გასაჩივრება. ამ წლების განმავლობაში სასამართლოში იყო საქმე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერიას დაევალა, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. მე არ ვიცი, ვინ არიან მფლობელები, თუმცა ჩვენ დავეკონტაქტებით, შევთავაზებთ ადგილმონაცვლეობას, რომ ტროტუარებზე ჯიხურების განთავსება და აშენება ჩვენთვის არ არის მისაღები,“ - განაცხადა კახა კალაძემ.