19 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
არჩევნები უკრაინაში - ტიმოშენკოსა და ზელენსკის შტაბის წევრები დარღვევებზე საუბრობენ

უკრაინაში საარჩევნო უბნები რამდენიმე საათში დაიხურება. ქვეყანა ახალ პრეზიდენტს ირჩევს. საკმაოდ მაღალია მოსახლეობის აქტივობა. პრეზიდენტობის კანდიდატის, იულია ტიმოშენკოს შტაბის დამკვირვებლებმა არჩევნებზე გარკვეული დარღვევები დააფიქსირეს. მათი თქმით, პეტრო პოროშენკოს პარტიის წევრების მხრიდან ადგილი აქვს უკანონო აგიტაციას.

„ჩვენმა დამკვირვებლებმა გარკვეული დარღვევები აღმოაჩინეს. საარჩევნო უბნებზე იყო შემთხვევები, როცა ოქმები შეუვსებელი იყო, თუმცა ჰქონდა ხელმოწერები. ასევ, იყო შემთხვევები, როცა ამომრჩეველს ბიულეტენი კომისიის წევრის ხელმოწერის გარეშე მისცეს. ასევე, ადგილი აქვს უკანონო აგიტაციას. შეიძლება დამთხვევაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს აგიტატორები პოროშენკოს პარტიის წევრები არიან. ასეთი დამთხვევები საკმაოდ ხშირი იყო კამპანიის დროსაც,“ - განაცხადა ტიმოშენკოს შტაბის წარმომადგენელმა.

არჩევნებზე დარღვევების შესახებ კიდევე ერთი კანდიდატის, ვლადიმერ ზელენსკის შტაბშიც ისაუბრეს. მათი თქმით, საარჩევნო უბნებთან დგანან ე.წ. კონტროლიორები, რომლებიც არკვევენ, თუ მოქალაქეებმა ვის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი. ზელენსკის შტაბში განმარტეს, რომ რამდენიმე დარღვევის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს უკვე მიაწოდეს.

უკრაინაში მიმდინარე არჩევნებს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკვირდებიან. მისიის ხელმძღვანელის, დორის ბარნეტის თქმით, არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და სერიოზული დარღვევები მათ არ დაუფიქსირებიათ.

„პროცესი მშვიდად მიმდინარეობს. ფაქტია, რომ ხალხი სერიოზულობით ეკიდება ამ არჩევნებს. ბევრი მათგანი უბანზე შემოსვლამდე ყურადღებით ეცნობა კანდიდატების საარჩევნო პროგრამას, შემდეგ ბრუნდება და არჩევანს აკეთებს. სერიოზული დარღვევები ჩვენ არ დაგვიფიქსირებია. შემიძლია, ვთქვა, რომ ტექნიკური კუთხით არჩევნები გამართულადაა ორგანიზებული,“- განაცხადა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დორის ბარნეტმა.

უკრაინის პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატებს შორის არიან გავლენიანი პოლიტიკოსები და რადას მოქმედი და ყოფილი დეპუტატები, თუმცა მთავარი ბრძოლა 3 კანდიდატს - პეტრო პოროშენკოს, იულია ტიმოშენკოს და ვლადიმერ ზელენსკის შორის მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები