19 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
თაღლითური სქემა და გათეთრებული მილიონები - უკანონო ბიზნესს ოთარ ფარცხალაძე და უჩა მამაცაშვილი კურირებენ

თაღლითური სქემა და გათეთრებული მილიონები, რომლის უკანაც ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილი დგანან. სქემა არასამთავრობო ორგანიზაციამ  „ჰაბ ჯორჯიამ“ გაშიფრა. კამერის წინ ორგანიზაციის თანამშრომლებმა ექსპერიმენტიც ჩაატარეს. მათ დაურეკეს ერთ-ერთ ბაქოელ ბიზნესმენს, თითქოს, საწვავის იმპორტზე მოსალაპარაკებლად და როგორც კი მას "ოთარის" სახელი უხსენეს, შეთანხმება იმ წამსვე შედგა.

საწვავის შემომტანი აზერბაიჯანული კომპანია მადოკია, რომლისგანაც ნედლეული უკვე მაქინატორებს მიაქვთ და ბიუჯეტის ფულით ანბაჟებენ. როგორც ჰაბ ჯორჯიას დამფუძნებელი აცხადებს, ეს კარგად მოფიქრებული აფიორაა, რომლის მიზანიც ბიუჯეტის ხარჯზე, საკუთარი მომგებიანი ბიზნესის განვითარებაა.

ბიზნესისა, რომელიც მილიონებს წერს და რომელიც შემდეგნაირად მუშაობს:
სახელდახელოდ შექმნილი შპს იბარებს მაგალითისთვის 100 ტონა ჯართს, რომლის ექსპორტზე გატანის შემთხვევაში ამ შპს-ს ბიუჯეტმა უნდა დაუბრუნოს გადახდილი დღგ- ამ შემთხვევაში 7200 ლარი. სქემის ავტორები აყალბებენ დოკუმენტებს და დეკლარაციაში წერენ 100-ჯერ უფრო მაღალ ციფრს - 10 000 ტონას. ამ შემთხვევაში კი ჯართის ექსპორტზე გამტანს კომპანიას ბიუჯეტიდან უკვე 100-ჯერ მეტი ეკუთვნის, ანუ 72 000 ლარი. ზედმეტი კითხვების თავიდან ასაცილებლად კი მაქინატორებს ხელოვნურად გაზრდილი დღგ ბიუჯეტიდან ფულის სახით კი არ გამოაქვთ, არამედ შემოაქვთ საწვავი და მაქინაციური სქემით დაგროვებული დღგ-ს ზედმეტობით უკვე ამ საწვავს ანბაჟებენ. ანუ გამოდის რომ ხალხის ფულით კონკრეტული პირები საკუთარ ბიზნესს აყვავებენ.

კითხვით - აქვს თუ არა კავშირები ყოფილ მთავარ პროკურორს აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტისა და ჯართის ექსპორტის თაღლითურ სქემათან - ოთარ ფარცხალაძემ P.S.-ს უთხრა რომ სხვაგან მოხვდნენ.  P.S. კიდევ რამდენიმე ადამიანს დავუკავშირდით, რომელსაც ჰაბ ჯორჯიაში სქემის მონაწილეებად ასახელებენ. ნაწილი მათგანი ან კომუნიკაციაზე არ გამოდის, ან საერთოდ უარყოფს კავშირს ნავთობპროდუქტების იმპორტთან.

ავტორი: მიშა სესიაშვილი.

დღის ამბები